ევროპარლამენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას პოზიტიურად აფასებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 4 წლისა და შეთანხმების ძალაში სრულად შესვლიდან 2 წლის თავზე ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, შეეფასებინა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კუთხით არსებული მდგომარეობა.
შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი პოზიტიურად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას.
ანგარიშში განსაკუთრებით ხაზგასმულია მიღწეული პროგრესი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით; ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ თურქეთთან და აზერბაიჯანთან სასაზღვრო სექტორების რეაბილიტაციის გაძლიერებას.
ასევე ხაზგასმულია და დადებითად არის შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა. აქვე აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეიყვანონ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში.