ევროპარლამენტი რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირის, ბირთვული საწვავისა და გაზის იმპორტზე სრული ემბარგოს დაწესებას ითხოვს
ევროპარლამენტი რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირის, ბირთვული საწვავისა და გაზის იმპორტზე სრული ემბარგოს დაწესებას ითხოვს

ევროპარლამენტი რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირის, ბირთვული საწვავისა და გაზის იმპორტზე სრული ემბარგოს დაწესებას ითხოვს.

შესაბამისი რეზოლუცია ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატებმა 513 ხმით 22-ის წინააღმდეგ მიიღეს.

რეზოლუციაში ევროპარლამენტარები ასევე აღშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკეების გამო და გამოდიან მოწოდებით,  უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად შეიქმნას გაერო-ს სპეციალური ტრიბუნალი. ევროპელი კანონმდებლები ასევე ითხოვენ უკრაინისადმი იარაღის მიწოდების გაზრდას, რათა უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას უმძიმესი შედეგები მოჰყვება.

ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საჭიროა სტრატეგიის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს სანქციების გაუქმებას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ნაბიჯებს გადადგამს და სრულად გაიყვანს ძალებს უკრაინის ტერიტორიიდან.

ევროპარლამენტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირის ლიდერებს, გარიცხონ რუსეთი „დიდი ოცეულიდან“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიცაა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო, ინტერპოლი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, იუნესკო. დეპუტატების აზრით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ დაუბრუნდება ჩვეულ საქმიანობას აგრესორ სახელმწიფოსთან.

სანქციები უფრო ეფექტიანი რომ იყო, ევროპარლამენტი ითხოვს რუსული ბანკების SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას, ასევე რუსეთთან დაკავშირებული ხომალდებისთვის ევროკავშირის ტერიტორიულ წყლებში და პორტებში შესვლის აკრძალვას. დეპუტატები ასევე გამოდიან მოწოდებით, აიკრძალოს რუსეთიდან და რუსეთში საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ანალოგიური შეზღუდვები უნდა დაწესდეს ბელარუსის წინააღმდეგაც.