ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, არ დაამტკიცოს პოლონეთისთვის ერთ-ერთი დახმარება, ვიდრე ვარშავა სრულად არ მოიყვანს მართლმსაჯულების სისტემას ევროკავშირის ღირებულებებთან თანხვედრაში
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, არ დაამტკიცოს პოლონეთისთვის კოვიდპანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად გამოყოფილი დახმარება, ვიდრე ვარშავა სრულად არ მოიყვანს მართლმსაჯულების სისტემას ევროკავშირის ღირებულებებთან თანხვედრაში.
ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო.
რეზოლუციას მხარი 411-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 129 იყო წინააღმდეგი, ხოლო 31-მა თავი შეიკავა.
დოკუმენტში ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა შეშფოთება გამოხატეს ევროკომისიის გეგმის მიმართ, რომელიც პოლონეთისთვის 35,4 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.
ევროდეპუტატები აცხადებენ, რომ პოლონეთი კვლავაც აგრძელებს კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპების დარღვევას. მათივე თქმით, პოლონეთის მთავრობის ასეთი ქმედებების გამო, კოვიდპანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად გამოყოფილი დაფინანსება ჯერ მოქალაქეებს არ მიუღიათ.
ევროდეპუტატები აცხადებენ, რომ ევროკომისიის მართლმსაჯულების სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე ევროკავშირის კანონის უზენაესობა, ვერ იქნება ვაჭრობის საგანი. მათივე თქმით, ევროკავშირის ღირებულებების დაცვა წარმოადგენს აუცილებელ პირობებს დაფინანსების მისაღებად.
შეგახსენებთ, რომ მანამდე პოლონეთის ხელისუფლებამ ევროკავშირის სასამართლოს მოთხოვნით გააუქმა მოსამართლეების დისციპლინარული პალატა. თუმცა, ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია ამ პროცესის შემდგომი მონიტორინგი.
ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ ევროკომისიის მიერ პოლონეთისთვის წაყენებული პირობები, რომელთა შესრულებაც ვარშავას 35 მილიარდი ევროს მისაღებად მოუწევს არ არის სათანადო და მათ უნდა დაემატოს საკონსტიტუციო ტრიბუნალის და იუსტიციის უზენაესი საბჭოს საკითხებიც.
პირველ ივნისს ევროკომისიამ დაამტკიცა ის პირობები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ვარშავამ ევროკავშირის ბიუჯეტიდან კოვიდპანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად გამოყოფილი თანხა უნდა მიიღოს. თუმცა, ბრიუსელში განაცხადეს, რომ ვარშავამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ გეგმის იმპლემენტაციისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაფინანსებას ვერ მიიღებს.
ამასთან, პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა, ზბიგნიევ ზიობრომ ეს გეგმა გააპროტესტა და ევროკავშირი პოლონეთის შანტაჟში და უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიცეკიმ განაცხადა, რომ ევროკომისიასთან შეთანხმება პოლონეთის მინისტრთა კაბინეტმა 30 აპრილს ერთხმად მიიღო და ამ პროცესს ესწრებოდა იუსტიციის მინისტრიც.