მოლდოვამ უნდა გადადგას სასწრაფო ნაბიჯები და საქართველომ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, – ამის შესახებ ნათქვამია პლენარულ სესიაზე გამართული კენჭისყრის შემდეგ, ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო რეფორმების კარგ გზას ადგას და უნდა გააგრძელოს თავისი ძალისხმევა.
ევროპარლამენტის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ამავე დროს, გააკრიტიკეს მოლდოვა, რომელიც დემოკრატიული სტანდარტებისა და კანონის უზენაესობის სფეროში უკუსვლას განიცდის.
ევროპარლამენტმა დაამტკიცა საქართველოსა და მოლოდვის შესახებ ორი რეზოლუცია, რომლებშიც შეჯამებულია ორი ქვეყნის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულება.
ევროპარლამენტის წევრები მიესალმებიან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი ახლა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი წყაროა.
ევროპარლამენტის დეპუტატები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს სტაბილურობის უზრუნველყოფა, დემოკრატიული რეფორმები, ასევე ეკონომიკური და სოციალური გაუმჯობესებები ქართველებისთვის, რომლებიც დაზარალებულები არიან სიღარიბით, უმუშევრობითა და ეკონომიკური ემიგრაციით.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ მათი შეშფოთების მთავარ სფეროებად რჩება მაღალი დონის კორუფცია, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა, მედიაკონტენტის დეპოლიტიზაცია, შრომითი და ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა.
რეზოლუციაში ასევე მწუხარებით არის აღნიშნული, რომ 10 წლის შემდეგაც, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების არალეგალურ ოკუპაციას.
ევროპარლამენტის წევრები ადასტურებენ საქარველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი უდრეკ მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ საქართველოს მოქალაქეებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშესახები სარგებლისა და მიზნების შესახებ აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას.
ევროპარლამენტის წევრები მიესალმებიან საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონკურენტუნარიანობას და ძალადობის შემთხვევების არარსებობას. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს, რეაგირება მოახდინონ შეშფოთების გამომწვევ იმ საკითხებზე, რომლებიც აღნიშნულია საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ, კერძოდ სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება, კამპანიის დაფინანსების ზედმეტად მაღალი ზღვარი და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიზანში ამოღება.
„საქართველო პოზიტიურად ცვლის თავის პოლიტიკურ იდენტობას მას შემდეგ, რაც 2014 წელს ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას. კორუფციასთან და შრომით უფლებებთან დაკავშირებული მუდმივი გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გადადგა მკაფიო ნაბიჯები მმართველობის ევროპული მოდელისკენ და სამინისტროების სტრუქტურული რეფორმა კარგ შედეგებს გვპირდება. ასევე მოხარული ვარ, რომ ადამიანის უფლებების საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეშია. ევროკავშირი, მათ შორის ევროპარლამენტი, შეინარჩუნებს თავს ჩართულობასა და მხარდაჭერას საქართველოსადმი მისი რეფორმების ამბიციურ გზაზე“, – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.
საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტის 528 წევრმა 97-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი, 34-მა თავი შეიკავა.
რაც შეეხება მოლდოვას, მოლდოვის მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტის 396 წევრმა დაუჭირა მხარი, 76-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 186 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
მოლდოვასთან დაკავშირებით, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს რეფორმების განხორციელება.
იმის მიუხედავად, რომ ევროპარლამენტის წევრები აღნიშნავენ გარკვეულ მიღწევებს ვაჭრობის, ენერგეტიკის, საბანკო სექტორის რეფორმების მხრივ, ასევე საჯარო ადმინისტრირების მხრივ, ისინი განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან კორუფციის დონით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის არარსებობისა და დემოკრატიული სტანდარტებთან დაკავშირებული უკუსვლის გამო.
„მოლდოვა შეპყრობილია ოლიგარქიული ინტერესებით და ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება კონცენტრირებულია ადამიანების მცირე ჯგუფის ხელში, რომლებსაც აქვთ გავლენა მთავრობაზე, პარლამენტზე, პოლიტიკურ პარტიებზე, სახელმწიფო ადმინისტრაციაზე, პოლიციაზე, სასამართლოზე, მედიაზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ევროპარლამენტის წევრები მოუწოდებენ მოლდოვის ხელისუფლებას, რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ შემაშფოთებელ საკითხებზე და ადასტურებენ, რომ მოლდოვამ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა უნდა მიიღოს მხოლოდ 2019 წლის თებერვალში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს არჩევნები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად გაიმართება.
ევროპარლამენტის დეპუტატები აცხადებენ, რომ ვიდრე დემოკრატიული სტანდარტების მხრივ პროგრესი არ იქნება მიღწეული, ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამებისთვის გათვალისწინებული ფინანსები უნდა მოხმარდეს მოლდოვის სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას.