ევროპარლამენტი ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის განთავსების შემზღუდველ რეგულაციებს სექტემბერში განიხილავს
ევროპარლამენტმა უარი თქვა, დაჩქარებული წესით განეხილა კანონპროექტი საავტორო უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც ინტერნეტში ინფორმაციის განთავსებას მნიშვნელოვნად ზღუდავს და საკითხი 10 სექტემბრისთვის გადადო.
კანონპროექტის ოპონენტები თვლიან, რომ შემოთავაზებული რეგულაციების დღევანდელი ვერსია მნიშვნელოვნად აზიანებს ინტერნეტ-სივრცის თავისუფლებას, ამიტომ ევროპარლამენტარებმა გადაწყვიტეს, რომ საკითხი უფრო სიღრმისეულ განხილვას საჭიროებს.
ახალი კანონპროექტი საავტორო უფლებების დაცვის 2001 წელს მიღებული დირექტივის განახლებული ვერსიაა და მისი მიზანია რეგულაციები ციფრული ეპოქის შეცვლილ რეალობას მოარგოს. შემოთავაზებული პაკეტის მიხედვით, „გუგლისა“ და „ფეისბუქის“ მსგავსმა ინტერნეტ-პლატფორმებმა ახალი ფილტრის სისტემები უნდა დანერგონ, რომელიც დაბლოკავს ისეთი შინაარსის პროდუქციას (ფოტოებს ან ვიდეოს ), რომელიც ვინმეს საავტორო უფლებას არღვევს. გარდა ამისა, მედიიდან აღებული ინფორმაციის გაზიარებისა და განთავსებისთვის პოსტის ავტორმა ინფორმაციის ავტორ მედია-ორგანიზაციას წინასწარ ნებართვა უნდა სთხოვოს და შესაბამისი საფასურიც გადაუხადოს.
ინიციატივის კრიტიკოსები თვლიან, რომ ეს ფაქტობრივად ე.წ. „ლინქების“ დაბეგვრის ტოლფასია. შესაბამისად, თუ კანონპროექტის მოცემული ვერსია დამტკიცდა, უარყოფითად აისახება სოციალურ ქსელებსა და ისეთ ონლაინ-პლატფორმებზე, როგორიცაა „გუგლი“, „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“, რომლებიც სწორედ ინფორმაციის გაზიარებაზეა ორიენტირებული.
ახალი კანონპროექტი საავტორო უფლებების დაცვის შესახებ ევროკავშირის „ერთიანი ციფრული ბაზრის“ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ონლაინ მომსახურებისა და ბიზნესებისთვის ერთიანი სტანდარტების დაწესებას ისახავს მიზნად.
ამიტომ, დღევანდელ მოსმენაზე კანონპროექტის ჩავარდნა კრიტიკოსებმა „დიდ წარმატებად“ შეაფასეს. ამ კანონპროექტის მიმართ პროტესტის ნიშნად, „ვიკიპედიის“ იტალიურმა და ესპანურენოვანმა ვერსიებმა კვირის დასაწყისში საიტებზე წვდომა დაბლოკეს. მათი განმარტებით, ახალი კანონი აწესებს ახალ ბარიერებს, ფილტრებსა და შეზღუდვებს, რაც მომხმარებელს ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობას აღარ მისცემს.
კანონპროექტს ინფორმაციის თავისუფლად განთავსების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვად თვლიან ონლაინ ინდუსტრიის მთელი რიგი წარმომადგენელები მათ შორის Wikimedia და Mozilla.
გასულ თვეში კანონპროექტის ოპონენტებმა, მათ შორის „ვიკიპედიის“ დამფუძნებელმაც, ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც შემოთავაზებული რეგულაციები ინტერნეტისთვის „გარდაუვალ საფრთხედ“ შეაფასეს.