ევროპარლამენტი იმედოვნებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები წელსვე დაიწყება, ასევე, მოუწოდებს ნატო-ს წევრებს ომის შემდეგ ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაწყებისკენ
ევროპარლამენტი იმედოვნებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები წელსვე დაიწყება, ასევე, მოუწოდებს ნატო-ს წევრებს ომის შემდეგ ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაწყებისკენ

ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც ნატო-ს წევრებს მოუწოდებენ, დაიწყონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პროცესი ომის დასრულების შემდეგ. შესაბამის რეზოლუციას 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 38-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 42-მა კი თავი შეიკავა.

დოკუმენტში ევროპარლამენტის წევრები აღნიშნავენ, რომ ისინი ელოდებიან ომის შემდეგ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაწყებას და მის რაც შეიძლება მალე დასრულებას. დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მიერ სრულუფლებიანი წევრობის მოპოვებამდე, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა, ასევე ნატოელმა მოკავშირეებმა და ახლო პარტნიორებმა უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შექმნან უსაფრთხოების გარანტიების დროებითი მექანიზმი, რომელიც ომის დასრულებისთანავე უნდა ამოქმედდეს.

ამასთან, ევროპარლამენტის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკომისია დადებით დასკვნას გამოაქვეყნებს, როგორც კი უკრაინა ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას შეასრულებს. რეზოლუციის თანახმად, დეპუტატები გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მკაფიო გზის განსაზღვრას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ, საკმარისი მხარდაჭერის შემთხვევაში, მოლაპარაკებები შესაძლოა, უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია გააძლიერებს ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას.

ევროპარლამენტი ასევე გმობს რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებას და ამას სამხედრო დანაშაულად აფასებს, რომელმაც გარემოს უდიდესი ზიანი მიაყენა. დეპუტატების თქმით, ამ და სხვა სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. რეზოლუციის ნაწილი ეძღვნება უკრაინის აღდგენას. ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირს მოუწოდებენ, შექმნან უკრაინის აღდგენისთვის ყოვლისმომცველი და ადეკვატური პაკეტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქვეყნის გადაუდებელი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი საჭიროებები.