ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს
ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა დღეს დაამტკიცა. დოკუმენტში ევროპელი პარლამენტარები მიესალმებიან მოლდოვის მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენას და აღნიშნავენ, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი დამსახურების საფუძველზე.
რეზოლუციაში ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, სწრაფად დაასრულოს მოლდოვის აპლიკაციის შეფასება და უზრუნველყოს მოლდოვა სრული დახმარებით. ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ მოლდოვის ხელისუფლება იმყოფება სწორ გზაზე საკვანძო რეფორმების გატარებაში, კერძოდ, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების კუთხით.
ამავე დროს, დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა და მოლდოვამ უნდა გააგრძელონ მუშაობა ქვეყნის ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრირებისთვის და გააძლიერონ სექტორალური თანამშრომლობა.
ტექსტში აღნიშნულია, რომ მოლდოვა არაპროპორციულად დაზარალდა მეზობელ უკრაინაში რუსეთის ომით, რაც უკავშირდება ინტერვენციის დაწყების დღიდან მოლდოვაში 450 ათასი უკრაინელი ლტოლვილის ჩასვლით, საიდანაც დაახლოებით 100 ათასი მოლდოვაში რჩება. ამასთან, მოლდოვა დაზარალდა ვაჭრობის შემცირებით, ენერგორესურსებისა და ტრანსპორტის გაზრდილი ფასების გამო. ამიტომ, დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირს, აღმოუჩინონ ქვეყანას მეტი მხარდაჭერა, მათ შორის ახალი მაკროფინანსური დახმარების სახით, ასევე სატრანსპორტო და სავაჭრო ლიბერალიზაციის ზომებით და გააგრძელოს მოლდოვის ჰუმანიტარული დახმარება.
რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია სერიოზული შეშფოთებები მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რასაც ევროპარლამენტარები პროვოკაციის საშიშ აქტებად აფასებენ.
დოკუმენტში ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ გაზის მიწოდების იარაღად გამოყენება მოლდოვაზე პოლიტიკური ზეწოლისთვის მიუღებელია. დეპუტატები მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ მოლდოვის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.