ევროპარლამენტარი - ვფიქრობ, საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია დროული, საჭირო და აუცილებელია, აგრესორს მხოლოდ კედელი აჩერებს
ევროპარლამენტარი - ვფიქრობ, საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია დროული, საჭირო და აუცილებელია, აგრესორს მხოლოდ კედელი აჩერებს

რეზოლუცია მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპარლამენტისთვის, ევროკავშირისთვის, ევროპელი ლიდერებისთვის და ევროპული საზოგადოებისთვის,- ევროპარლამენტარი ტუნე კელამი პირველ არხთან საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ აფასებს.

ტუნე კელამი  ევროპარლამენტში გამართული დებატებით კმაყოფილია.

„ჩვენ მაშინ ბევრი მიზეზის გამო არ ჩავხედეთ თვალებში რეალობას. აგვისტოს ომი იყო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის და რუსეთის ხელისუფლების სტრატეგიის მხოლოდ დასაწყისი. რეაქცია იყო არაპროპორციული. ეს ცხადია და ყველასთვის ნათელია. აღიარება შეცდომების და პოლიტიკის ნაკლოვანების ნაკლოვანების სისუსტე არ არის. ჩვენ სიმართლე უნდა ვთქვათ. რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელების დროს დაიწყო რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების განხილვა და სხვა კონტექსტში ლიდერებს შორის დაპირისპირებაზე მინიშნება. ძალიან ცოტა იყო დარჩენილი რუსეთის შეიარაღებულ ძალების მიერ საქართველოს დედაქალაქის დაკავებამდე. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ევროპარლამენტში გამართული დებატებით. მოხარული ვარ, რომ ევროპარლამენტი იყო მკაფიო და ღია შეფასებებში“,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ტუნე კელამის განცხადებით, რუსეთმა უნდა გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გადაწყვეტილება.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვისკენ და აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ. რუსეთმა უნდა გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გადაწყვეტილება. ეს დაუშვებელია. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არა განდგომილი რეგიონები, არამედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები არიან. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მილიტარიზაცია და უნდა პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. ახლა ისმის მეორე კითხვა. როგორ უნდა ვაიძულოთ რუსეთი, რომ მათ აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და შეწყვიტონ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაცია . როგორ და რა გზით უნდა მივაღწიოთ ამ შედეგს? ვფიქრობ, ამ დროისათვის რეზოლუცია დროულია, საჭირო და აუცილებელი. აგრესორს მხოლოდ კედელი აჩერებს. ყველაზე ეფექტიანი იარაღია ღირებულებების, პრინციპების, ევროპის, მთელი საერთაშორისო საზოგადოების ერთობის კედელი. კედელი ერთად უნდა აღვმართოთ“,- აცხადებს ევროპარლამენტარი.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ 14 ივნისს მიიღო.