ევროპარლამენტარი სარიუშ-ვოლსკი აცხადებს, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე გრიგოლ ვაშაძე დონალდ ტუსკისა და ჟან კლოდ იუნკერისადმი მიწერილ წერილში საუბრობს
ევროპარლამენტის დეპუტატი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ საუბრობენ ინფორმატორები და ოპოზიციის წევრები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერისადმი მიწერილ წერილში.
როგორც იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ განაცხადა, საქართველოდან შემაშფოთებელი სიგნალები მოდის, რომ ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს ყალბი ID-ბარათების გამოცემით და იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს არჩევნების მეორე ტურის შედეგების შესაცვლელად.
მისივე თქმით, ევროპარლამენტმა უნდა გამოხატოს ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია, რადგან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიში პირველ ტურს ეხებოდა, როდესაც ეს ფაქტები ჯერ არ იყო გამოააშკარავებული.
„არჩევნების მეორე ტური შვიდ დღეშია დანიშნული, ოთხშაბათს, საკმაოდ უჩვეულო დროს, რაც ურთულებს ოპოზიციის წევრებს ხმის მიცემას, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს. არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებაც საუბრობენ ინფორმატორები და ოპოზიციის წევრები, მათ შორის ერთ-ერთი კანდიდატი ბატონი ვაშაძე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ტუსკისა და ევროკომისიის პრეზიდენტ იუნკერისადმი მიწერილ წერილში. ეს წერილი ხელმისაწვდომია და ვფიქრობ, მის შესახებ იციან კომიტეტის წევრებმა“, – განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა.
მისი შეფასებით, არჩევნები არის ხიდი ასოცირების შეთანხმებასთან.
„ვფიქრობ, უნდა იყოს გაგზავნილი სიგნალი, რომ თუ არჩევნების გაყალბების პროცესი არ შეწყდება, ამან შეიძლება გამოიწვის შედეგები ევროკავშირის მხრიდან, როგორიცაა ასოცირების შეთანხმების და უვიზო რეჟიმის შეჩერება“, – განაცხადა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.
სარიუშ-ვოლსკიმ ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში განაცხადა, სადაც მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უპასუხა. როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, გამოძიება დაამტკიცებს, რომ ყალბი ID ბარათების შესახებ ინფორმაცია არის ცრუ. მისი თქმით, პროკურატურამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიება დაიწყო, თუმცა საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები.