ევროპარლამენტარი რიჰო ტერასი - საქართველოში მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ ნათელი სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით და ივანიშვილით უნდა დავიწყოთ
საქართველოში მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ ძალიან ნათელი სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით და ხელმძღვანელით, ოლიგარქ ივანიშვილით უნდა დავიწყოთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰო ტერასმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.
რიჰო ტერასის თქმით, დემოკრატიასთან მიმართებით საქართველოში ვითარება უარესდება.
„დემოკრატიასთან მიმართებით საქართველოში ვითარება ათწლეულზე მეტია, უარესდება. ივანიშვილის მთავრობის პირველ წლებში მან და მისმა ქვეშევრდომებმა ევროატლანტიკური გზისა და დემოკრატიული რეფორმების გზის გაგრძელების შესახებ გამოაცხადეს. ოპოზიციიდან ჩვენი ქართველი კოლეგების არაერთ დელეგაციას ვუმასპინძლეთ ამ შენობაში და ისინი დასაწყისიდანვე გვაფრთხილებდნენ, გთხოვთ, ყურადღებით იყავით, ვინაიდან, ივანიშვილის რეჟიმი იმისთვისაა, რომ ძალაუფლება მიიტაცოსო. ყოველი არჩევნების დროს სულ უფრო მეტ ძალადობრივ ინციდენტებსა და წინასაარჩევნო ღონისძიებებს ვხედავდით, რომელსაც რეჟიმთან დაახლოებული ხალხი აორგანიზებდა, ოპოზიციურ ლიდერებს აპატიმრებენ და თავისუფალ მედიას აჩუმებენ. პრემიერ-მინისტრ კობახიძის ცოტა ხნის წინანდელი განცხადება ოპოზიციის აკრძალვის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებში გაიმარჯვებს, არა უბრალოდ საგანგაშო ნიშანია, არამედ მტკიცებულებაა დიქტატურის, რომელიც თავის შანსს ელოდება. მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ ძალიან ნათელი სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით იმ ხალხსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლისთვის. ხელმძღვანელით, ოლიგარქ ივანიშვილით უნდა დავიწყოთ, რათა მაგალითი შევქმნათ“, – განაცხადა ტერასმა.