ევროპარლამენტარი მიჰაელ გალერი - თქვენს გვერდით ვართ და ამას ქართველი ხალხი ევროპარლამენტის რეზოლუციით იხილავს
ჩვენთვის 2008 წლის ომი გაკვეთილი იყო. იმის გაკვეთილი, რომ რუსეთი არ ჩერდება. ჩვენ გვინდა, ვუთხრათ რუსეთს, რომ ასეთი ქმედებები ევროპაში 21-ე საუკუნეში დაუშვებელია, – ამის შესახებ პირველ არხს ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, მიჰაელ გალერმა განუცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის სახელწოდებაზეც იმსჯელეს.
„გვახსოვს და არასდროს დავივიწყებთ ტრაგიკულ დღეებს, უმძიმეს აგვისტოს და რუსეთის საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრას. რეზოლუცია პოლიტიკური განაცხადია. პარლამენტში იყო მსჯელობა რეზოლუციის სახელწოდების თაობაზე. ჩვენ, ევროპარლამენტის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ჯგუფს გვსურდა, რომ სახელწოდებაში ასახულიყო რეალობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ – ეს არის ის, რასთანაც გვაქვს საქმე. დავხედოთ რუკას და მარტივად ვნახავთ, რომ რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი“, – აღნიშნა გალერმა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარები აპროტესტებენ და გმობენ ე.წ. ბორდერიზაციას. ევროპარლამენტარი არჩილ ტატუნაშვილის თემასაც შეეხო და რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება.
„ეს დაუშვებელია. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას. ჩვენი გზავნილი ნათელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ძალისხმევას. გვსურს საქართველოს და რუსეთს შორის დიალოგი, მაგრამ ეს დიალოგი უნდა ემსახურებოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის ცვლილებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და დევნილების დაბრუნებას. ჩვენ დღემდე შეძრული ვარ არჩილ ტატუნაშვილის საქმით. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომელიც ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალაა, დე ფაქტო მმართველია, რომ მათ პატივი უნდა სცენ და დაიცვან მინიმუმ ჰუმანიტარული კანონმდებლობა. რუსეთმა უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები“, – დასძინა გალერმა.
მისი თქმით, 2008 წლის ომი ევროპისთვის იმის გაკვეთილი იყო, რომ რუსეთი არ ჩერდება.
„ჩვენ გვინდა ვუთხრათ რუსეთს, რომ ასეთი ქმედებები ევროპაში 21-ე საუკუნეში დაუშვებელია. ჩვენ გვსურს ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული საქართველო. ეს რეზოლუცია არის სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა. ევროპარლამენტი დააფიქსირებს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას განხადებულ მიზანს, ევროპულ მისწრაფებას და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ამ ქვეყნების მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ჩვენ გვსურს თანამშრომლობის გაღრმავება. მე გერმანელი ვარ და მინდა ჩვენი კონკრეტული მაგალითი გავიხსენო. ჩვენ არ შევეგუეთ გაყოფილ გერმანიას. ჩვენ არ შევეგუეთ და არ ვაღიარეთ, რომ აღმოსავლეთ გერმანია სხვა სახელმწიფო იყო და იქ მცხოვრები ადამიანები გერმანელები არ იყვნენ. გაერთიანებას დასჭირდა დრო და ძალისხმევა. მინდა, გაერთიანება და წარმატებები გისურვოთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ამას ქართველი ხალხი ევროპარლამენტის რეზოლუციით იხილავს“, – აცხადებს გალერი.
ევროპარლამენტში 12 ივნისს საქართველოს შესახებ დებატებია დანიშნული. პარლამენტში სიტყვით გამოვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ. ასევე, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებასაც გეგმავს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს 5 დღიან ომს ეხება. რეზოლუცია კენჭისყრაზე 14 ივნისს გავა.