ევროპარლამენტარი მარსელ დე გრააფი - მე ვეტყოდი საქართველოს, გააჩერეთ ევროკავშირი თქვენი სახლის კართან, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნებით მისი ვასალი, სუვერენიტეტისა და იდენტობის გარეშე
ჩვენ შოკირებული ვიყავით ისტორიებით ევროპარლამენტარების კორუმპირებულობის შესახებ, რაშიც მონაწილეობდა კატარი. მოვითხოვეთ ზომების დაუყოვნებლივ მიღება და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არიან დაკავშირებული კატართან, უნდა აიკრძალოს ამ პარლამენტის მიერ, რადგანაც ჩვენ გვინდა უცხოური გავლენის პრევენცია და ეს სწორია, – ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, მარსელ დე გრააფმა ევროპარლამენტში გამართული დებატებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამასთან ერთად, ევროკავშირი მილიონობით ევროს იხდის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისთვის და ამას აკეთებს არასამთავრობოების დაფინანსებით.
„ახლა საქართველოს მთავრობას სურს, მიიღოს კანონი უცხოური ზეგავლენის წინააღმდეგ და ჩვენ ისევ შოკში ვართ, რადგან, როგორც ჩანს, დემოკრატია საფრთხეშია საქართველოში. ფარისევლობა ამაზრზენია. მე ვეტყოდი საქართველოს, გააჩერეთ ევროკავშირი თქვენი სახლის კართან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ იქნებით მისი ვასალი, სუვერენიტეტისა და იდენტობის გარეშე“, – განაცხადა მარსელ დე გრააფმა.