ევროპარლამენტარი ლარს პატრიკ ბერგი - ახლა საქართველოში ყველა პოლიტიკოსს აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, იზრუნონ რეკომენდაციების შესრულებაზე ერთად, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს
მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობისას პოლიტიკოსებს საქართველოში ჰქონდეთ ერთობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ლარს პატრიკ ბერგმა განაცხადა.
„საქართველო ევროპული ოჯახის წევრია. საქართველო, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ბევრ ფასეულობას იზიარებს. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, აქვთ ძალიან მკაფიო გეზი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციებზე მუშაობისას პოლიტიკოსებს საქართველოში ჰქონდეთ ერთობა, ერთობა და ერთობა! ზოგჯერ ეს საშინაო პოლიტიკაში რთულია, რადგან ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, მაგრამ ერთობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია წარმატების გარანტიისთვის და იმ რეკომენდაციების შესრულებისთვის, რომლებიც ევროკომისიამ გასცა. სამწუხაროა, რომ საქართველოს არ მიენიჭა იგივე პრივილეგია, რაც უკრაინასა და მოლდოვას, მაგრამ სხვა მხრივ თვალი უნდა გაუსწოროთ რეალობას პოლიტიკაში. ქვეყნისთვის ჯერ კიდევ არსებობს ბევრი შესაძლებლობა. ახლა ყველა პოლიტიკოსს აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, იზრუნონ რეკომენდაციების შესრულებაზე ერთად, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს. ერთობა იქნება ევროპის კავშირში გაწევრიანების გარანტია“, – განაცხადა ლარს პატრიკ ბერგმა.