ევროპარლამენტარი კეროლ კარსკი - საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს, პროდასავლურ გზას მიჰყვეს და ამიტომ დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება
ევროპარლამენტარ კეროლ კარსკის თქმით, საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს, პროდასავლურ გზას მიჰყვეს და ამიტომ დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება.
ამის შესახებ ევროდეპუტატი „რეაქშენ.ლაიფზე“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში საუბრობს. პუბლიკაციის სათაურია – „გააძლიერეთ ნატო, დაეხმარეთ საქართველოს, დაიცავით დასავლეთი“.
„საქართველო რუსეთსა და ირანს შორის მდებარეობს, თუმცა ქვეყნის მოქმედ მთავრობას განზრახული აქვს, პროდასავლურ, ნატო-სთან დაახლოების გზას მიჰყვეს. მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული მთავრობის მეთაური გიორგი გახარია ღიად აცხადებს, რომ მთავრობას ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, – წერს ევროპარლამენტარი
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ამ მიზანს და ეს უახლესი გამოკითხვებით დასტურდება.
„შეიძლება, ეს აუხდენელ ოცნებად ჟღერდეს, ვიდრე მონაცემებს გადახედავთ. კერძოდ, საქართველო მოქალაქეთა რაოდენობის გათვალისწინებით, უკვე არის ნატო-ს საერთაშორისო მისიების ყველაზე დიდი მონაწილე ავღანეთში და ის ახლახანს გახდა მეორე არაწევრი სახელმწიფო (ფინეთის შემდეგ), რომელიც ალიანსის კიბერუსაფრთხოების პლატფორმას შეუერთდა, რომელსაც MISP აკრონიმით იცნობენ. პარტია „ქართულ ოცნებას“ ასევე განხორციელებული აქვს საბაზრო ეკონომიკური რევოლუცია: გადასახადები და კერძო სექტორის რეგულირება შემცირდა, კორუფციასთან სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს და ინვესტიციები იზრდება. შედეგად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში სიღარიბის მაჩვენებელი განახევრდა; „მსოფლიო ბანკის“ რეიტინგში საქართველო ბიზნესის წამოწყების სიმარტივის ნიშნით მეორე ადგილზეა; Heritage ფონდის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ქვეყანა მე-12 ადგილზეა და უსწრებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს“, – წერს ევროპარლამენტარი.
როგორც პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, „საქართველოს მაგალითი მნიშვნელოვანია, რადგან ის ყველასთვის იმედისმომცემია“
„დასავლური კაპიტალიზმისა და დემოკრატიის უკუსვლას, ბოლო წლებში ბევრი პროგნოზირებდა, თუმცა საფრთხისა და პესიმიზმის მომასწავებელთა აზრები მცდარი გამოდგება. საქართველოსთვის, ისევე როგორც ბევრი პროდასავლური კურსის მქონე მოსახლეობის ქვეყნებისთვის სამეზობლოში, დემოკრატია და თავისუფლება „მწვერვალზე მოკაშკაშე ციტადელად რჩება“, – აღნიშნავს ევროპარლამენტარი.
ამასთან ავტორი წერს, რომ საქართველოს დახმარება სჭირდება.
„ნატო-ს გაძლიერება, პროდასავლური მთავრობის მიმართ ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადება და თავისუფალი ხალხის უფლებების დაცვა – ეს არის გადამწყვეტი, თუ ჩვენ იდეების ბრძოლაში გამარჯვება და მთელ მსოფლიოში ავტორიტარული მოდელის განვითარების თავიდან აცილება გვსურს“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.
კეროლ კარსკი მიიჩნევს, რომ პანდემიის შემდგომ სამყარო „უსაფრთხო და ბედნიერი“ ვერ იქნება, თუ დასავლეთის ქვეყნები არ იაქტიურებენ. ამ კონტექსტში ევროპარლამენტარი გაერთიანებული სამეფოს როლზე ამახვილებს ყურადღებას.
„გაერთიანებული სამეფოს როლი პანდემიის შემდგომ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაში ფუნდამენტურია. ნუ დააკნინებთ მის მნიშვნელობას. ალიანსის ძირითადი წევრის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სამხედრო ძალის მქონე ქვეყნისა და გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის რანგში, გაერთიანებული სამეფოს როლი თავისუფალი სამყაროს დაცვის საქმეში, ევროკავშირის დატოვების მიუხედავად, გადამწყვეტია. ამ ფაქტს ადასტურებს თებერვალში გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატებისა და საქართველოს უშიშროების სამსახურების მიერ საქართველოს ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კიბერთავდასხმის გამოვლენა. პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მსგავსად, საქართველო ევროპის გეოგრაფიული და ტექნოლოგიური ფრონტის წინა ხაზზეა. თუ „გლობალური ბრიტანეთი“ რამეს ნიშნავს, ეს არის მისი გაძლიერებული როლი – ისეთი, როგორიც თებერვალში გამოჩნდა, როდესაც გაერთიანებული სამეფო პროდასავლურ მოკავშირეებს დაეხმარა მსოფლიოს რთულ ადგილებში“, – წერს ევროპარლამენტარი.
პუბლიკაციაში ავტორი საქართველოს დახმარებაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას.
„პროდასავლური მთავრობების მქონე ქვეყნებს – ისეთებს, როგორც საქართველოა, უნდა დავეხმაროთ. ამ ქვეყნებზე კიბერთავდასხმებსა და სხვა სახის აგრესიას უნდა შევეწინააღმდეგოთ. თუმცა, ყველაზე მყისიერად უნდა მივმართოთ ყურადღება იქეთ, სადაც კრიზისის გამო ეკონომიკური გამოწვევები შეინიშნება, რათა ცდუნებას არ ავყვეთ და მცდარ ეკონომიკურ რეალიებში არ ჩავიკარგოთ, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს უსაფრთხოებასა და სავარაუდოდ სხვა კრიზისში გადაიზრდება მომდევნო წლებში”, – წერს ევროპარლამენტარი.