ევროპარლამენტარი კატი პირი გამოდის ინიციატივით, ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი შეასრულოს
„ქართული ოცნებიდან“ ჩვენს კოლეგებთან განვიხილეთ ბოლო გადაწყვეტილება გიგი უგულავას საქმეზე, გარედან ეს ვერდიქტი ჩანს, როგორც ძალიან არადროული, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, კატი პირმა განაცხადა სტრასბურგში, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და გენერალური მდივანი კახა კალაძე იმყოფებიან.
ევროპარლამენტარი ამბობს, რომ მას საქმის დეტალები აინტერესებს.
„ძალიან მაინტერესებს საქმის დეტალები, რათა გავიგო, რატომ დასჭირდა ამ საქმეს შვიდი წელი და რატომ გამოცხადდა განაჩენი არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე. რა თქმა უნდა, განვიხილეთ საქართველოში მანამდე განვითარებული მოვლენებიც, კერძოდ საკონსტიტუციო რეფორმა. როგორც იცით, მოლაპარაკებების პირველად ჩავარდნის შემდეგ, იყო არჩევნების წინ პროპორციულ სისტემაზე ან უფრო მეტად პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის გადალახვის მცდელობა. პროპორციული სისტემაც არის ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. თუმცა ეს მოლაპარაკებები ჩავარდა გასულ ორშაბათს, როდესაც უგულავას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა“, – განაცხადა კატი პიტრმა.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს, შეუძლიათ თუ არა ევროპის სახალხო პარტიასა და სოციალ-დემოკრატებს საქართველოში პარტიებს შეთანხმების მიღწევაში დაეხმარონ.
„განვიხილეთ, შეუძლიათ თუ არა ევროპის სახალხო პარტიასა და სოციალ-დემოკრატებს საქართველოში პარტიებს შეთანხმების მიღწევაში დაეხმარონ, რათა არჩევნებისადმი საქართველოს მოქალაქეების ნდობა უზრუნველყოფილი იყოს, მათ იცოდნენ, რომ ევროპარლამენტი ასევე განიხილავს, რა არის ყველაზე სამართლიანი გზა“, – აღნიშნა ევროპარლამენტმა.
ამასთან, მისი თქმით, მმართველ პარტიას შესთავაზა, რომ სურვილის შემთხვევაში, ევროპარლამენტი შუამავლის როლს შეასრულებს.
„საუბრისას მმართველ პარტიას შევთავაზე, რომ სურვილის შემთხვევაში, ევროპარლამენტი შუამავლის როლს შეასრულებს. მე პირადად ვისურვებდი ამის გაკეთებას. საქართველოს კარგად ვიცნობ, საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ვმუშაობდი. ჩემთვის საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არის კარგი მაგალითი მთელი რეგიონისთვის. თუ შეხედავთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ვითარება ძალიან განსხვავდება სომხეთისგან, აზერბაიჯანისგან. ამგვარად ქართველ ხალხს უფრო მეტი მოლოდინი აქვს დემოკრატიასთან, მათ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით. თუ ევროპარლამენტი შეძლებს კონსტრუქციული როლის შესრულებას ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგში, ჩვენ ვისურვებდით ამ როლის შესრულებას“, – განაცხადა კატი პირმა.
მისივე განმარტებით, შუამავლობა გულისხმობს, რომ შუამავლობის ძალისხმევა უნდა მიიღოს ორივე მხარემ.
„დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე, არამედ ბევრი ადამიანი ამ პარლამენტში მოხარული იქნება, შეასრულოს აღნიშნული როლი, რადგან ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე, ვზრუნავთ საქართველოს განვითარებაზე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მისწრაფებები ყოველთვის იყო ევროპული. ეს არის ის, რაც აერთიანებს ორ მხარეს, აერთიანებს ოპოზიციას და მმართველ პარტიას საქართველოში“ – აღნიშნა კატი პირმა.
ამასთან, ევროპარლამენტარის თქმით, კრიტიკული კითხვები მის შეშფოთებაზე მეტყველებს.
„კრიტიკული კითხვები, რომელსაც ვსვამ, რა თქმა უნდა, მეტყველებს ჩემს შეშფოთებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. მმართველმა პარტიამ კონსტიტუციური რეფორმების პირობა დადო თუმცა, საბოლოო ჯამში, ვერ განახორციელა. ამ დიალოგში, ჩვენ გულწრფელი განხილვა გვქონდა და ასევე, მოვისმინეთ მმართველი პარტიის პოზიცია, თუ როგორ ხედავენ ისინი მოვლენებს.
მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ძალიან არასახარბიელოა ქვეყნისთვის, არჩევნების წინ გაასამართლო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი რამესთვის, დანაშაულისთვის, რომელიც მან შესაძლოა, რვა წლის წინ ჩაიდინა“, – აღნიშნა კატი პირმა.
სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში ორმხრივი შეხვედრები გამართეს.