ევროპარლამენტარი ჯორდი სოლე - შემდგომი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი უნდა იყოს გამოყენებული, რომ წინ წავიდეთ, იყოს მეტი დიალოგი და მეტ კონსენსუსს მივაღწიოთ, როგორ უნდა განვითარდეს დემოკრატია
შემდგომი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი უნდა იყოს გამოყენებული, რომ წინ წავიდეთ, იყოს მეტი დიალოგი და მეტ კონსენსუსს მივაღწიოთ, როგორ უნდა განვითარდეს დემოკრატია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, „მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის“ წარმომადგენელმა, ჯორდი სოლემ განაცხადა ვებინარზე ევროპარლამენტარების მონაწილეობით.
ჯორდი სოლეს თქმით, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ყურადღებით აკვირდებოდნენ, როგორც დემოკრატიის ტესტს.
„ევროპარლამენტის მისიის წევრი ვიყავი პირველ ტურში და სრულად ვეთანხმები ეუთო/ოდირი-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს პირველ ტურთან დაკავშირებით. ეს არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული, მაგრამ ადგილი ჰქონდა კანდიდატებზე და ამომრჩევლებზე დაშინებასა და ზეწოლას. ანუ დაფიქსირდა ხარვეზები და დარღვევები, რომლებიც არის შეშფოთების საგანი, უნდა მოხდეს მისი სათანადო გამოძიება. რაც თვალში მოგვხვდა, არაუფლებამოსილი პირების პერიმეტრზე ყოფნა საარჩევნო უბანთან, არ იყო დაცული ეს მოთხოვნა. არჩევნებამდე ჩვენ ასევე შევესწარით პოლარიზაციას, ძალიან პოლარიზებულ გარემოს, რომელიც გადავიდა რიტორიკაში, არა მხოლოდ კანდიდატების რიტორიკაში, არამედ მედიის რიტორიკაშიც. ანუ კონფრონტაციული რიტორიკა და რადიკალური მოსაზრებები ჟღერდებოდა. ასევე უარყოფითი რიტორიკა იყო როგორც მედიაში, ისე პოლიტიკურ დებატებშიც ადგილობრივ საკითხებთან დაკავშირებით და ზოგადად, ბევრი დებატი არც გამართულა ამ არჩევნები მთავარი საკითხების მიმართ; პოლიტიკასთან მიმართულებით, რა უნდა განხორციელებულიყო.
ჩვენ ასევე დავინახეთ, არათანაბარი პირობები იყო და არასათანადო რესურსები იყო გამოყოფილი. კამპანიაში მმართველ პარტიას უფრო მეტი რესურსი ჰქონდა და ეს აშკარად ჩანდა. თამაშის ერთიანი წესები დაირღვა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების კუთხითაც. ასევე, შეშფოთების საგანი იყო ის, რომ ოპოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ შედეგებს და ოპოზიციურმა კოალიციამ თქვა, რომ არ აღიარებენ ამ შედეგებს; რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა არჩევნები. არჩევნების მიხედვით, „ოცნებამ“ 46 პროცენტი მიიღო. ეს არჩევნები დაჩრდილა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებამ და დაბრუნებამ, რამაც უფრო გააღრმავა მტრული განწყობა „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის; ის ფაქტი, რომ ბატონი სააკაშვილი შიმშილობს და ჰოსპიტალიზებულია, ეს რთულს ხდის შერიგების პროცესს პოლარიზებულ ამ ორ პარტიას შორის“, – აღნიშნა ჯორდი სოლემ.
ჯორდი სოლეს თქმით, ამ პოლარიზებულ გარემოში ორივე პარტიამ პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა იმოქმედოს და ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება დაბრუნდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი. შემდგომი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი უნდა იყოს გამოყენებული, რომ წინ წავიდეთ, უფრო მეტი დიალოგი იყოს და უფრო მეტ კონსენსუსს უნდა მივაღწიოთ, თუ როგორ უნდა განვითარდეს დემოკრატია. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური კულტურა უნდა შეიცვალოს, ანუ კონფლიქტური კულტურა უნდა შეიცვალოს და სამოქალქო საზოგადოებამ უმთავრესი როლი ითამაშოს ამ ცვლილებაში, რომ შეიცვალოს პოლიტკულტურა ამ ქვეყანაში.
ამ უთანხმოებამ ორ პარტიას შორის შეიძლება, მოახდინოს დისტანცირება საქართველოსი დასავლეთიდან და დასავლური გარემოდან; იმ გარემოში, სადაც პოპულისტური განწყობები დიდ ნიადაგს პოულობენ, ეს პოლიტიკური რიტორიკა საქართველოს ვალდებულებების მიმართ შეიძლება გავაძლიეროთ, ანუ პოლარიზაცია უნდა ვეცადოთ თავიდან ავირიდოთ. სხვა მხრივ, საქართველოს მიმართ ინტერესი დაიკარგება და მჭიდრო კავშირი საქართველოსთან, თუნდაც 2024 წლის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის პერსპექტივა არარეალისტურია ამ დღევანდელი პოლიტკრიზისის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი რეფორმაა გასატარებელი. ევროკავშირმა ყველა ყურადღება მიაპყრო საქართველოს, რადგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია საქართველო და საქართველომ თავის მხრივ უნდა განიხილოს ევროპა, როგორც პარტნიორი, რომელმაც უნდა გადალახოს ეს ჩიხური მდგომარეობა; ეს გასატარებელი რეფორმები გაატაროს, გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ აღარ აეღო 75 მილიონიანი სესხი ევროკავშირიდან არის ძალიან სამწუხარო და აჩვენებს, რომ ვალდებულებას არ იღებენ სასამართლო სისტემის რეფორმის შესრულებაზე.
ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობას, არამედ საქართველოს მოქალაქეები აღარ იქნებიან რეფორმების მონაწილეები და ჩვენ, ევროპარლამენტარები ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ, რომ ეს ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის იყოს ნაყოფიერი შემდგომი თვეების და წლების განმავლობაში“, – განაცხადა ჯორდი სოლემ.