ევროპარლამენტარი ელენა დალი - ივნისში ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან უფრო ახლო გახდა
ევროპარლამენტარი ელენა დალი აცხადებს, რომ ივნისში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა კიდევ უფრო ახლო გახდა.
როგორც დალიმ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების დროს აღნიშნა, საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულება ძლიერ მამოძრავებელ ძალად რჩება რეფორმების განხორციელების კუთხით.
„ივნისში ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ჩვენი ურთიერთობა უფრო ახლო გახდა. ასოცირების ხელშეკრულება ძლიერ მამოძრავებელ ძალად რჩება რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ქვეყანას აახლოებს ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებთან. დავიწყებ მნიშვნელოვანი რეფორმებით, რომლებიც ყოველთვის იყო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ბირთვი და ისინი ასევე ასახულია 12 რეკომენდაციაში. ამბიციური და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა – პოზიტიურია, რომ საქართველოს მთავრობამ წარადგინა რამდენიმე საკანონმდებლო შესწორება და ჩვენ მოგიწოდებთ ეუთო-ს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებისკენ. ასევე, დამოუკიდებელი ომბუდსმენი არის მთავარი ელემენტი დემოკრატიულ საზოგადოებაში. მივესალმები, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი აქამდე იყო გამჭვირვალე და ინკლუზიური და ველოდებით, რომ ის ასეც დასრულდება. ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური პარტიები შეძლებენ კონსენსუსის მიღწევას, რათა მხარი დაუჭირონ მომდევნო სახალხო დამცველის დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ელენა დალიმ.