ევროპარლამენტარი ბერნდ ლანგე - საფრანგეთთან წყალქვეშა ნავების ხელშეკრულების გაუქმებამ შესაძლოა, ევროკავშირ-ავსტრალიის სავაჭრო შეთანხმებაზე იმოქმედოს
საფრანგეთთან წყალქვეშა ნავების ხელშეკრულების გაუქმებამ შესაძლოა, ევროკავშირ-ავსტრალიის სავაჭრო შეთანხმებაზე იმოქმედოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ბერნდ ლანგემ განაცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, ავსტრალიის გადაწყვეტილებამ ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების საკითხი გაართულა, რადგან მხარეებს შორის ნდობის ნაკლებობაა. ბერნდ ლანგემ აღნიშნა, რომ ახლა მთავარი საკითხია, რამდენად სერიოზული და რამდენად სანდოა ავსტრალია.
„ზოგიერთმა წევრმა შეიძლება მოითხოვოს მეტი უსაფრთხოება და მეტი გარანტიები ასეთ შეთანხმებაში, ამიტომ ვფიქრობ, დიალოგს და მოლაპარაკებას მეტი დრო დასჭირდება“,- თქვა ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის ხელმძღვანელმა.
ავსტრალიამ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა, რომლის ფარგლებში საფრანგეთს წყალქვეშა ნავები უნდა გადაეცა. სანაცვლოდ, ავსტრალიამ ახალი ხელშეკრულება აშშ-სთან და ბრიტანეთთან გააფორმა, რაც ავსტრალიისთვის ბირთვული ტექნოლოგიების გაზიარებას ითვალისწინებს.