ევროპარლამენტარი - ათი წლის წინ საქართველოსთან ომის დროს რუსეთმა ევროპის საზღვრების ძალადობრივი შეცვლა დაიწყო
ევროპარლამენტარი - ათი წლის წინ საქართველოსთან ომის დროს რუსეთმა ევროპის საზღვრების ძალადობრივი შეცვლა დაიწყო

ათი წლის წინ საქართველოსთან ომის დროს რუსეთმა ევროპის საზღვრების ძალადობრივი შეცვლა დაიწყო, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა გი ვერჰოფსტადტმა განაცხადა. პრაღაში, ბორის ნემცოვის სახელობის მესამე ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის ლიდერმა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა.

„ათი წლის წინ საქართველოსთან ომის დროს რუსეთმა ევროპის საზღვრების ძალადობრივი შეცვლა დაიწყო და 2014 წელს უკრაინაში გააგრძელა – უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც კონფლიქტის დროს 10 ათასი ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ რუსეთმა ევროპულ საზოგადოებაზე შეტევა კიბერთავდასხმებითა და არჩევნებში ჩარევით დაიწყო. რუსეთის მიზანი ევროკავშირის ერთიანობის და დასავლეთის ძალის განადგურებაა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა სიტყვით გამოსვლის დროს.

ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირს ერთიანი სტრატეგია სჭირდება, რათა რუსეთის აგრესიაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. პოლიტიკოსმა დასძინა, რომ ამისთვის მხოლოდ სანქციები საკმარისი არ არის.

პრაღის ფორუმი ბორის ნემცოვის დაბადების დღეზე გაიხსნა. რუსი პოლიტიკოსი დღეს 59 წლის გახდებოდა. ღონისძება 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.