ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, ევროკავშირმა მონღოლეთს დიპლომატიური და ეკონომიკური ზომების სახით სიგნალი გაუგზავნოს, თუ ქვეყანა ვლადიმერ პუტინს არ დააკავებს
ევროპარლამენტარები, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ურმას პაეტი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, უპასუხოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყნის, მონღოლეთის ქცევას, რომელიც ამჟამად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასპინძლობს.
ურმას პაეტის განცხადებით, მონღოლეთს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, გახდეს საერთაშორისო სამართლის გარანტი.
„უნდა შევასრულოთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნა – დააკავონ კრიმინალი პუტინი და მიიყვანონ ჰააგაში. თუ მონღოლეთი არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ევროკავშირმა უნდა გაუგზავნოს ამ ქვეყანას მკაფიო სიგნალი დიპლომატიური და ეკონომიკური ზომების სახით“, – განაცხადა პაეტმა.
რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონღოლეთში იმყოფება. ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. მონღოლეთში პუტინის ბოლო ვიზიტი 2019 წელს შედგა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ეს არის რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც ამ სასამართლოს წევრია.
მედიის ცნობით, მონღოლეთის ხელისუფლებამ პუტინი დაარწმუნა, რომ მას არ დააკავებდნენ.