ევროპარლამენტარები - გვსურს, ევროკავშირის საკვანძო პარტნიორ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წარმატებული ორგანიზება მივულოცოთ
რთული ეპიდემიოლოგიური კონტექსტის მიუხედავად, გვსურს მივულოცოთ ევროკავშირის საკვანძო პარტნიორ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წარმატებული ორგანიზება – ამის შესახებ ოთხი ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ 8 მარტს საქართველოს მთავარ პოლიტიკურ პარტიებს შორის ისტორიული შეთანხმების ხელმოწერისა და ზაფხულის დასაწყისში საარჩევნო რეფორმის პაკეტის მიღების შემდეგ, რომელიც ითვალისწინებდა ეუთო/ოდირის წარსულ რეკომენდაციებს, ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რათა შეფასებულიყო, როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური პარტიების ერთგულება დემოკრატიული პროცესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის თვალსაზრისით.
ევროპარლამენტარების წერილის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა, მისი დემოკრატიის მხარდამჭერი პროგრამის გამო, ევროპარლამენტმა ვერ შეძლო დელეგაციის გაგზავნა ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად, „კოვიდ 19“-ის პანდემიის და მასთან დაკავშირებული სამგზავრო და ჯანმრთელობის შეზღუდვების გამო.
„ამის მიუხედავად, ეუთო/ოდირმა შეძლო შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის განთავსება, რომელიც შედგებოდა ექსპერტთა და გრძელვადიანი დამკვირვებლების ძირითადი ჯგუფისგან. არჩევნების დღეს მათ შეუერთდნენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გაგზავნილი მოკლევადიანი დამკვირვებლები. მათ მხარი დაუჭირა „ეუროფეან დიპლომათიქ ვოჩმა“, რომელმაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით 70-ზე მეტი ჯგუფი განათავსა, რომლებიც 1000-მდე საარჩევნო უბანს ესტუმრნენ ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ ეს არჩევნები კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა და თავისუფლებებს პატივს სცემდნენ, ამომრჩევლებზე ზეწოლის სავალალო შემთხვევებისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის ბუნდოვანების მიუხედავად, მთელი კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს. კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად აწარმოებდნენ კამპანიას, რაც აძლევდა ამომრჩეველს ნამდვილ არჩევანს სხვადასხვა პლატფორმას შორის. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან ინტერესის და ჩართულობის დონე ასევე წარმოადგენს ამ არჩევნების პოზიტიურ მახასიათებელს“, – წერია განცხადებაში.
ევროპარლამენტის წევრები ამბობენ, რომ მედია და პოლიტიკური ლანდშაფტები კვლავ ძალზე პოლარიზებულია, რაც აისახა მკაცრი რიტორიკით ყველა მხრიდან, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით, ვიდრე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რაც პოზიტიური მოვლენაა. ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ საჭიროა, კამპანიის დაფინანსების საკითხის შემდგომი განხილვა ეუთო/ოდირის ძველი რეკომენდაციების შესაბამისად.
„ჩვენ ვაფასებთ, რომ პრაგმატული გადაწყვეტილებები იყო ნაპოვნი, რომ საკარანტინო და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს მიეცათ არჩევნების გაკეთება სპეციალურ საარჩევნო უბნებში, რაც სამართლიანი კომპრომისი იყო დემოკრატიული და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოთხოვნებს შორის. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ჩამოერთვათ ხმის მიცემის უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები პირველი ტურის შემდეგ და მეორე ტურის წინ ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ყველა შესაძლო აპელაცია და საჩივარი, რომელიც დასტურდება აუცილებელი დეტალებით და მტკიცების გარკვეული ელემენტით, უნდა იქნას განხილული სამართლიანი, გამჭვირვალე და ზუსტი ფორმით.
„ევროპარლამენტი ძალიან ყურადღებით იქნება შემდგომი მოვლენების მიმართ დანარჩენ საარჩევნო პერიოდში, მათ შორის მეორე ტურის დღეს. ჩვენ ველით შემდგომ თანამშრომლობას ახლადარჩეულ პარლამენტთან საქართველოს არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
წერილის ხელს აწერენ დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი.