ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ, აზერბაიჯანზე ზეწოლა გაზარდოს
120 ევროპარლამენტარი მოუწოდებს ევროკავშირს გაზარდოს ზეწოლა აზერბაიჯანზე, რათა ბაქომ შარშან მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დროს დაკავებული სომეხი სამხედრო ტყვეები გაათავისუფლოს. შესაბამის წერილში ევროდეპუტატები ევროკომისიას, ევროპულ საბჭოს და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს მიმართავენ.
მათი თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, შარლ მიშელმა და ჟოზეფ ბორელმა ყველა ღონე უნდა იხმარონ და აზერბაიჯანს მოსთხოვონ საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვა.
ევროდეპუტატების თქმით, აზერბაიჯანში დარჩენილი სამხედრო ტყვეების რაოდენობის განსაზღვრა რთულია, რათა აზერბაიჯანული მხარე თანამშრომლობაზე უარს ამბობს.
„თუმცა, ამ ტყვეებს შორის არის 72 პირი, რომელთაც დაკავებასაც აზერბაიჯანი ადასტურებს, 112 ადამიანი, რომელთა შესახებ ინფორმაციის გაცემაზე აზერბაიჯანმა უარი თქვა და 61 პირი, რომელთა დატყვევებასაც ბაქო უარყოფს, თუმცა კონკრეტული მტკიცებულებები სხვა რამეზე მიუთითებს“, – ნათქვამია ევროდეპუტატების წერილში.
აზერბაიჯანში ამტკიცებენ, რომ სომხეთს ყველა სამხედრო ტყვე უკვე გადასცეს. ამავე დროს ბაქოში ადასტურებენ, რომ ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ მათ რამდენიმე პირი დააკავეს.
ბაქოში ამტკიცებენ, რომ ეს რუსეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება ამ პირებზე არ ვრცელდება. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ადამიანები ტერორიზმსა და საბოტაჟის მცდელობაში არიან მხილებულნი და ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.