ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ საავტორო უფლებების შესახებ სადავო კანონის კენჭისყრისას ღილაკები აერიათ
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ საავტორო უფლებების შესახებ სადავო კანონის კენჭისყრისას არასწორ ღილაკს დააჭირეს ხელი.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, რომ არა აღნიშნული შეცდომა, შესაძლოა, ინტერნეტში საავტორო უფლებების დაცვის შესახებ კანონის მიღება ჩავარდნილიყო.
26 მარტს გამართულ კენჭისყრაზე სპიკერმა დეპუტატებს ჰკითხა, სურდათ კანონი სრულად ერთი კენჭისყრით მიეღოთ თუ კანონპროექტის მუხლობრივ განხილვას უჭერდნენ მხარს. უმრავლესობამ პროექტის ერთი კენჭისყრით მიღებას მისცა ხმა, შემდეგ კი, კანონი დაამტკიცეს.
რამდენიმე საათის შემდეგ ევროპარლამენტარების ნაწილმა განაცხადა, რომ პირველი კენჭისყრის დროს, მათ არასწორ ღილაკს დააჭირეს ხელი. კენჭისყრის შედეგების ჩასწორებული ვერსია აჩვენებს, რომ უმრავლესობა კანონის ერთი კენჭისყრით მიღების წინააღმდეგი იყო. თუმცა, ჩანაწერი მხოლოდ არქივისთვისაა განკუთვნილი და მეორე კენჭისყრის შედეგები აღარ შეიცვლება.
ევროპარლამენტარების ნაწილს, შეცდომის არ სჯერა. ისინი ეჭვობენ, რომ დეპუტატების ნაწილი უბრალოდ ზეწოლის ქვეშ მოექცა და გადაწყვეტილება ამის გამო შეცვალა.
საავტორო უფლებების შესახებ კანონის მუხლობრივი განხილვის წინააღმდეგ ხმა 317 დეპუტატმა მისცა, 312 კი, მუხლობრივ განხილვას უჭერდა მხარს.