„ევროპა, რომლისაც გვჯერა“ - 13 მეცნიერის განცხადება ევროპული პოლიტიკის, კულტურისა და საზოგადოების ამჟამინდელ მდგომარეობაზე
პარიზში კონსერვატორი მეცნიერებისა და ინტელექტუალების ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებმა ევროპული პოლიტიკის, კულტურის, საზოგადოების ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს და ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, სახელწოდებით „ევროპა, რომლისაც გვჯერა“.
„ევროპა გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენ ვეკუთვნით ევროპას. ეს მიწები ჩვენი სახლია; ჩვენ სხვა არ გაგვაჩნია“, – ნათქვამია დეკლარაციაში, რომლის ტექსტი 36 მუხლისგან შედგება. ავტორების აზრით, დღეს ევროპა საშიშ მდგომარეობაშია, რადგან საკუთარი თავის შესახებ ცრუ წარმოდგენის ტყვეობაშია.
„ცრუ ევროპის ლიდერები შეპყრობილები არიან გარდაუვალი პროჰრესუს ცრურწმენით. მათ სჯერათ, რომ ისტორია მათ მხარესაა და ამ რწმენამ ისინი ამპარტავნებით აღავსო, მათ არ შეუძლიათ, გააცნობიერონ ხარვეზები პოსტ-ნაციონალურ, პოსტ-კულტურულ მსოფლიოში, რომელსაც თავად აშენებენ. მეტიც, მათ არაფერი იციან ადამიანური ღირსების ნამდვილი წყაროების შესახებ, რასაც ისინი ასე აფასებენ, როგორც ჩვენ. ისინი ევროპის ქრისტიანულ ფესვებსაც კი უგულვებელყოფენ. ამავე დროს, ისინი დიდ სიფრთხილეს იჩენენ, რომ შეუარცხყოფა არ მიაყენონ მუსლიმებს, რომლებიც, მათი წარმოდგენით, სიხარულით მიიღებენ მათ სეკულარულ, მულტიკულტურულ შეხედულებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ტექსტის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ცრუ ევროპის“ წარმომადგენლები ახშობენ ყოველგვარ განსხვავებულ აზროვნებას და ამას თავისუფლებისა და ტოლერანტობის სახელით აკეთებენ.
„ჩვენ ჩიხში შევდივართ. ევროპის მომავლისთვის ნამდვილის საფრთხე არც რუსული ავანტიურიზმი და არც მუსლიმური იმიგრაციაა. ნამდვილი ევროპა საფრთხის წინაშეა სულისშემხუთველი ხელის გამო, რომლითაც ყალბ ევროპას ჩვენი ცნობიერება უჭირავს. ჩვენი ერები და საერთო კულტურა იშლება ჩვენს აწმყოსა და მომავალთან დაკავშირებული ილუზიებით“, – წერია პარიზის დეკლარაციის ტექსტში.
დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საჭიროა ნამდვილი ლიბერალიზმისა და მორალური კულტურის აღდგენა. მათი აზრით, მხოლოდ იმპერია შეიძლება იყოს მულტიკულტურული. ამასთან, პარიზის დეკლარაციის ავტორები განათლების რეფორმის ჩატარებას ითხოვენ, ქორწინებას კი სამოქალაქო საზოგადოების ქვაკუთხედად და ქალსა და მამაკაცს შორის ჰარმონიის საფუძვლად მიიჩნევენ. ტექსტის ავტორები მოუწოდებენ ევროპელებს, შეუერთდნენ მათ და უარი უთხრან „საზღვრების გარეშე მულტიკულტურული სამყაროს უტოპიურ ფანტაზიას“.
დოკუმენტს რამდენიმე ევროპული ქვეყნის 13 მეცნიერი აწერს ხელს, მატ შორის ფრანგი ფილოსოფოსები ფილიპ ბენეტონი და რემი ბრაგი, ბრიტანელი ფილოსოფოსი როჯერ სკრატონი, გერმანელი რობერტ შპემანი და სხვები.