ევროპა ლიგამდე „სამტრედია“ უმწვრთნელოდ დარჩა
ევროპა ლიგამდე „სამტრედია“ უმწვრთნელოდ დარჩა

უეფა-ს ევროპის ლიგის გათამაშების პირველ შეხვედრამდე ცხრა დღით ადრე, „სამტრედია“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა – ბადრი კვარაცხელიამ პოსტი უკვე დატოვა.

52 წლის სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-17 ტურის შეხვედრის შემდეგ მიიღო, როდესაც მისი გაწვრთნილი „სამტრედია“ „რუსთავთან“ 1:2 დამარცხდა.

კვარაცხელიამ „სამტრედიის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე უჩა სოსიაშვილი მე-5 ტურში შეცვალა და მოედანზე 12-ჯერ გაიყვანა – გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ეროვნულ ლიგაში 6 შეხვედრა ფრედ დაასრულა, 6 წააგო, მაგრამ ერთიც ვერ მოიგო. ერთადერთხელ „სამტრედიამ“ საქართველოს თასზე „მეშახტე“ 3:2 დაამარცხა.

კვარაცხელიას შემცვლელის ვინაობა ჯერ უცნობია, მაგრამ „სამტრედიის“ ხელმძღვანელობა ახალ მთავარ მწვრთნელს უახლოეს დღეებში დანიშნავს. „სამტრედია“ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ყაზახურ „ტობოლთან“ 10 ივლისს გამართავს.