„ევროპა, აანთე შუქი“ - ასე ერქმევა შოუს, რომელიც 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნაცვლად 16 მაისს ჩატარდება
ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით, მსოფლიო პანდემიის გამო, „ევროვიზია 2020“-ის გაუქმების მიუხედავად, 16 მაისს კონცერტი გაიმართება.
„ევროპა, აანთე შუქი“ – ასე ერქმევა შოუს, რომელშიც 2020 წლის ევროვიზიის ყველა ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე 23:00 საათიდან დაიწყება და მას დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება.
დემეტრე ერგემლიძე პირველი არხის გადაცემა „ფერმის“ წამყვანია. ევროვიზიის საპროდიუსერო ჯგუფთან კი რამდენიმე წელია თანამშრომლობს. იგი პირდაპირ ეთერში უძღვებოდა ევროვიზიის გრანდიოზულ შოუებს 2017 და 2018 წლებში. ასევე დემეტრე ერგემლიძე უძღვებოდა საბავშვო ევროვიზიის ტრანსლაციას 2016 წლიდან 2019 წლამდე.
შოუში მონაწილეობას 41 ქვეყნის კონკურსანტები მიიღებენ, რომლებიც 2020 წლის ევროვიზიაზე უნდა გამოსულიყვნენ, მათ შორის თორნიკე ყიფიანი, სიმღერით Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“).