„ევროოპტიმისტებმა“ ექვსთვიანი საპარლამენტო საქმიანობის თაობაზე ანგარიში წარადგინეს
„ევროოპტიმისტებმა“ ექვსთვიანი საპარლამენტო საქმიანობის თაობაზე ანგარიში წარადგინეს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, ექვსი თვის განმავლობაში პოლიტიკური ჯგუფის წევრები იყენებდნენ როგორც საკანონმდებლო, ისე მაკონტროლებელ უფლებამოსილებებს.
გოცირიძის ინფორმაციით, მათ მიერ პარლამენტში 22 საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა, სადაც სამი იყო რეზოლუციის პროექტი და ორი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს ეხებოდა.
„კანონპროექტები შეეხებოდა სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებას, კერძოდ, საგადასახადო საკითხებს, რუსული გავლენების შემცირებას, სკოლების დამოუკიდებლობის გაზრდასა და დეპოლიტიზებას, ეროვნული ბანკის სტაბილურობას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ბიუჯეტის ფორმირების წესში ცვლილებებს, ზოგიერთი სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისთვის სანქციების შემსუბუქებას, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრებმა, რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მისამართით 190 სადეპუტატო კითხვა მოამზადეს. აქედან, ხატია დეკანოიძეს ეკუთვნოდა 136, მე – 54.
„ევროოპტიმისტების“ წევრების ინიციატივით, ორჯერ მოხდა ინტერპელაციის მექანიზმის გამოყენება. შეკითხვები გაეგზავნათ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს. ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის საკითხი შეეხებოდა 2023 წლის 7-8 მარტის აქციებისას დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ ღონისძიებებს, ლევან დავითაშვილთან შეკითხვები კი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, „ევროოპტიმისტების“ წევრების ინიციატივით, კომიტეტის სხდომაზე ორი მინისტრი იქნა დაბარებული.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე მოუსმინეს. განსახილველი საკითხი შეეხებოდა რიკოთის გზის მშენებლობის საკითხს. ამავე კომიტეტზე, „ევროოპტიმისტების“ ინიციატივით, ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვლადიმერ პუტინთან ერთად ჩინეთში გამართულ ფორუმზე მისი დასწრების შესახებ იქნა დაბარებული.
პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პლენარულ სხდომაზე სიტყვით 222-ჯერ გამოვიდნენ. მათგან ხატია დეკანოიძემ გამოსვლის უფლებით 139-ჯერ ისარგებლა, მე კი – 83-ჯერ“, – აღნიშნა გოცირიძემ.