„ევროოპტიმისტები“ გამოდიან ინიციატივით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულსა და გადასახადისთვის თავის არიდებაზე სანქციები შემსუბუქდეს
პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულსა და გადასახადისთვის თავის არიდებაზე სანქციები შემსუბუქდეს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რომან გოცირიძემ განმარტა, კანონპროექტის თანახმად, დამამძიმებელ გარემოებათა კრიტერიუმები შეიცვლება.
მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში პასუხისმგებლობას ისეთი ქმედება ამძიმებს, რომელიც გულისხმობს 150 ლარზე მეტი ღირებულების ნივთებთან დაკავშირებულ დანაშაულს.
„ეს ნორმა 2006 წელს ამოქმედდა და ამის შემდგომ არ შეცვლილა. ამავდროულად, პირის პასუხისმგებლობას ამძიმებს ქმედება, რომელიც 10 000 ლარზე მეტი ღირებულების მქონე დანაშაულს უკავშირდება. ეს ნორმა 1999 წელს ამოქმედდა და ამის შემდგომ არ შეცვლილა. ცვლილებების თანახმად, 150 ლარის ტოლი ზღვარი შეიცვლება და 350 ლარი გახდება, ხოლო 10 000 ლარიანი ზღვარი გაიზრდება და 25 000 ლარს გაუტოლდება. აღნიშნულ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ფასების დონე 2022 წელს გაზრდილია დაახლოებით 225%-ით 1999 წელთან შედარებით, ხოლო 124%-ით 2006 წელთან შედარებით. მიუხედავად ამისა, სასამართლო, შესაბამისი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ბრალდებულებს ისევ მოძველებული, 1999 წლის და 2006 წლის ნორმებით ასამართლებს. ვინაიდან, ეს ოდენობა დღეს ბევრად ნაკლებია მსყიდველობითუნარიანობით, ვიდრე მაშინ, აუცილებელია, უნდა მოხდეს კოდექსის ზღვრების გადახედვა და მათი პროპორციული გაზრდა ქვეყანაში დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით“, – აღნიშნავს გოცირიძე.
კანონმდებელი აღნიშნავს, რომ ცვლილებებით, 100 000 ლარიანი ზღვარი, რომელზე მეტი ოდენობით პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება მიიჩნევა გადასახადისთვის თავის არიდებად და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, გაიზრდება და გახდება – 150 000 ლარის ტოლი.
„საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ასევე შეიცვლება სისხლის სამართლის კოდექსში გადასახადისათვის თავის არიდების, როგორც დანაშაულის შემადგენლობის კრიტერიუმები და პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 150 000 ლარზე მეტი ოდენობის მქონე გადასახადისათვის თავის არიდების შემთხვევაში, ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარიანი ზღვრის. ამ ზღვრის ამოქმედების შემდგომ ფასები 39 პროცენტით გაიზარდა დღევანდელთან შედარებით, რაც ნორმის საკანონმდებლო კორექციას საჭიროებს. 150 000 ლარის ქვემოთ არსებული გადასახადისათვის თავის არიდების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება „საგადასახადო კოდექსის“ საფუძველზე, თუმცა მას არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“, – განმარტავს გოცირიძე.