„ევროოპტიმისტები“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიგრაციული პროცესები საგანგაშო სახეს იღებს და ქვეყანა ფაქტობრივად იცლება
„ევროოპტიმისტები“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიგრაციული პროცესები საგანგაშო სახეს იღებს და ქვეყანა ფაქტობრივად იცლება

ოპოზიციონერი დეპუტატები, „ევროოპტიმისტები“ ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე აცხადებენ, რომ საქართველოში მიგრაციული პროცესები საგანგაშო სახეს იღებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რომან გოცირიძემ განაცხადა, ქვეყანაში მიგრაციული პროცესები საგანგაშო სახეს იღებს და ქვეყანა, ფაქტობრივად, იცლება.

„ხდება შრომისუნარიანი ჩვენი მოქალაქეების მიერ ქვეყნის დატოვება და მათ ადგილს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იკავებენ. გასულ წელს საზღვარგარეთ დარჩა 46 397-ით მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე დაბრუნდა. ეს ყველზე მაღალი მიგრაციის უარყოფითი სალდოა ბოლო 22 წლის განმავლობაში, რაც მსგავსი სტატისტიკა იწარმოება.

2021 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 40 825 იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის უარყოფითმა სალდომ 87 222 შეადგინა, რაც მეტია, ვიდრე გორისა და ზუგდიდის მოსახლეობა ერთად აღებული. მხოლოდ გასულ წელს 101 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად, აქედან 62 ათასი რუსეთის მოქალაქეა.

ამ კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა”, – განაცხადა გოცირიძემ.