„ევრონიუსი“ - სერბეთის მემარცხენე ნაციონალისტური პარტიის წევრები აპირებენ, წარადგინონ კანონპროექტი, რომელიც უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობების შეზღუდვას ისახავს მიზნად
სერბეთში საპარლამენტო უმცირესობის წევრები „რუსული კანონის“ ეკვივალენტის წამოწევას ცდილობენ, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ევრონიუსი“.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სერბეთის ნაციონალისტური „სოციალისტური პარტიის მოძრაობის“ წევრები აპირებენ, საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინონ კანონპროექტი, რომელიც სერბეთში მოქმედი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
„ევრონიუსის“ ცნობით, აღნიშნული კანონპროექტი ჰგავს საქართველოში ინიცირებულ სადავო კანონპროექტს, რომლის მიღებაც საქართველოში უახლოეს ხანშია მოსალოდნელი.
სერბეთის „სოციალისტური პარტიის მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ბოიან ტორბიცამ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ „საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი აღარ უნდა იყოს მაღალანაზღაურებადი საქმე“.
„ევრონიუსი“ აღნიშნავს, რომ სერბეთის მემარცხენე ნაციონალისტური პარტია 250-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ორი დეპუტატითაა წარმოდგენილი და ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა ისინი კანონპროექტის დასამტკიცებლად საჭირო მხარდაჭერის მოპოვებას.
სერბეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე გამოთქვეს შეშფოთება კანონპროექტთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ ის მიმართულია სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაშინებისკენ.