ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური რიგით მეცხრე სესია, საკომიტეტო სხდომებით გაიხსნა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სესიის პირველ დღეს საპარლამენტო ღონისძიების მონაწილეებმა პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის, ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტებზე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე მოხსენებები მოისმინეს და სოციალური კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუცია: „დემოკრატიული პროცესების გაძლიერება: პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, სამართლიანი საარჩევნო გარემოს და თავისუფალი და პლურალისტური მედიის როლი“.
რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია ერევა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების დემოკრატიულ პროცესებში, რითაც საფრთხეს უქმნის ამ სახელმწიფოების სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას.
დოკუმენტში მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები და მოუწოდებს ევროკავშირსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს თავი შეიკავონ ე.წ. არჩევნების შედეგების ნებისმიერი სახით აღიარებისგან.
რეზოლუციის ორი მუხლი ეხმაურება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უხეშ დარღვევას, რომელიც ძირს უთხრის უსაფრთხოებას, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის, ასევე, უკრაინის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის, სევასტოპოლის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.
რეზოლუცია გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, ოკუპაციას და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გააძლიეროს მცდელობები, იმისათვის, რომ აღდგეს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
კომიტეტის განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა: „აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი 2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ“; „კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა, როგორც დემოკრატიის და ეკონომიკის განვითარების საფუძველი“.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატმა დაარსების დღიდან ხელშესახები შედეგები მოუტანა პარტნიორ ქვეყნების, როგორიცაა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასათვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა და ასოცირების შესახებ შეთანხმებებს/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ჩათვლით. ამასთან ერთად, საქართველოს აქვს ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის ამბიცია და ქვეყანა 2024 წელს გეგმავს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას. მიმდინარე გამოწვევების ფონზე, იმ დროს, როდესაც საქართველო და უკრაინა ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ამასთანავე ვდგავართ ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე, საჭიროა ევროკავშირმა შექმნას თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, რათა გაძლიერდეს მათი ევროკავშირთან დაახლოება პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის თვალსაზრისით“, – კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობასა და მომავალზე ისაუბრა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს, რომელმაც უნდა განავითაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა, რათა თანამშრომლობის ეს ფორმატი დარჩეს უფრო მიმზიდველი ყველა პარტნიორი ქვეყნისათვის.
ასამბლეის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუცია, თემაზე: „ცხოვრების ხარისხი, გამართული ჯანდაცვის სისტემა და მდგრადი საპენსიო რეფორმები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომლის თანაავტორები არიან ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი შალვა პაპუაშვილი და ევროპარლამენტარი იაროსლავ დუდა.
კომიტეტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში მიმოხილულია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე ჯანდაცვის სისტემაში არსებული მიღწევები და გამოწვევები, მდგრადი საპენსიო სისტემა და ზოგადად რეგიონში არსებული ცხოვრების გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს განიხილოს ორმხრივი და რეგიონალური ტექნიკური დახმარების პროგრამები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ჯანდაცვის რეფორმებისთვის, ეროვნული ჯანდაცვის სისტემების საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებისათვის.
რეზოლუცია შეშფოთებით აღნიშნავს, რომ პროგნოზების თანახმად, COVID-19 ვაქცინები, რომლებიც მოწოდებულია COVAX სქემის ფარგლებში, მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოსახლეობის საშუალოდ მხოლოდ 20 პროცენტს, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას.
კომიტეტის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „პანდემიის სოციალური ასპექტები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის ევროკავშირის დახმარება ვაქცინაციის პროცესში“.
ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუცია: ,,ენერგო ეფექტურობა, დივერსიფიკაცია და დამოუკიდებლობა: ევროპული ენერგეტიკული პოლიტიკის განმტკიცებისთვის საჭირო შესაძლებლობების განხორციელება და ენერგეტიკული უსაფრთხოების საწინააღმდეგო ქმედებებთან გამკლავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კრიტიკულად შეაფასონ რუსეთის ფედერაციასთან სხვადასხვა საგარეო პოლიტიკური პლატფორმის მეშვეობით თანამშრომლობა, მაგალითად ისეთ პროექტზე როგორიცაა Nord Stream 2. რეზოლუცია შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნული მილსადენის მშენებლობის საკითხზე, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის ენერგო დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე. აღნიშნული ფაქტი კი, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ენერგო პოლიტიკას და მის სტრატეგიულ ინტერესებს.
რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ ყველა შესაძლო სამართლებრივი ბერკეტი, რათა შეაჩერონ Nord Stream 2-ის პროექტი.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტები საფრთხეს უქმნის ენერგო უსაფრთხოებას და დემოკრატიულ განვითარებას.
რეზოლუცია ასევე მიესალმება სამხრეთ კორიდორის (Southern Gas Corridor) მილსადენის ექსპლუატაციაში ჩაშვებას და ასევე შავი ზღვის გადამცემი ხაზის (Black Sea Transmission Line) განვითარებას, რომლებიც მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის დასაკავშირებლად და ენერგო დივერსიფიკაციის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ინიცირებულ რეზოლუციაში სრულად არის ასახული საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული საკითხები ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და საიმედოობასთან დაკავშირებით.
კომიტეტის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „ევროპის მწვანე შეთანხმება, მისი მნიშვნელობა და შესაძლებლობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მედეგობის მიმართულებით“.
ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მიიღეს რეზოლუცია: „განათლებისა და ეკონომიკის სინერგია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.
კომიტეტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში მიმოხილულია შემდეგი საკითხები: განათლება და მისი ხელმისაწვდომობა, პროფესიული განათლება, ახალგაზრდების დასაქმება, სტუდენტთა მობილობა.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მიესალმება საქართველოს პროგრესს 2018-2023 წლების განათლების რეფორმის გეგმის შემუშავების კუთხით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს განათლების სისტემის შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან.
რეზოლუცია ასევე მიესალმება აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლის გახსნას თბილისში 2018 წლის სექტემბერში. აღნიშნული სკოლა შესაძლებლობას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის ახალგაზრდებს ისარგებლონ ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამებით, რომლებიც აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით და მოუწოდებს ევროკავშირს განიხილოს მსგავსი სკოლების გახსნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებშიც.
კომიტეტის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური“.