„ევროლიგის“ მეხუთე ტური „ბარსელონა“-„ოლიმპიაკოსის“ შეხვედრით დასრულდა
საკალათბურთო „ევროლიგაზე“, მეხუთე ტურის დასკვნით შეხვედრაში, „ბარსელონამ“ საკუთარ დარბაზში პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ მიიღო და დიდი სხვაობით, ანგარიშით 73-51 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტურნირზე, ეს ბერძნული გუნდის პირველი წაგება იყო.
თანაბარი და დაბალშედეგიანი პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებმა დაცვაში აგრესიულ თამაშს მოუმატეს, რასაც სტუმართა მხრიდან არაერთი დაკარგვა მოჰყვა.
თავის მხრივ, „ბარსას“ კალათბურთელები შეტევაში კარგად გამოიყურებოდნენ და ბოლო მეოთხედის დასკვნითი ნაწილი სრულ ფორმალობად აქციეს. გამარჯვებულთა შორის, 13 ქულა კევინ სერაფინმა მოიპოვა. პიერ ორიოლას ანგარიშზე 11 ქულა და 3 მოხსნაა.
„ოლიმპიაკოსის“ რიგებში, იანის პაპაპეტრუ იყო საუკეთესო 11 ქულით. სიტო ალონსოს გუნდისთვის ეს მიმდინარე გათამაშებაზე მეორე გამარჯვება გამოდგა. კატალონიელები, მომდევნო ტურში სტამბოლის „ეფესს“ უმასპინძლებენ.