ევროკომისრობის კანდიდატი - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გვიჩვენებენ მიზანდასახულობას, გაატარონ რეფორმები, ზოგჯერ ძალიან რთულ კონტექსტში
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გვიჩვენებენ მიზანდასახულობას, გაატარონ რეფორმები, ზოგჯერ ძალიან რთულ კონტექსტში, – ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში კომისრობის კანდიდატმა, ოლივერ ვარჰეიმ დღეს ევროპარლამენტში მოსმენაზე განაცხადა.
საკუთარ გამოსვლაში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიზანდასახულობას გაუსვა ხაზი.
„საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გვიჩვენებენ მიზანდასახულობას, რათა გაატარონ რეფორმები, ზოგჯერ ძალიან რთულ კონტექსტში. სტაბილურობის გასავრცელებლად გონივრული დიფერენცირებაა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
ევროკომისრობის კანდიდატმა ასევე სურვილი გამოთქვა, იმუშაოს სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ქვეყნებთან, რომლებიც ამისთვის მზად არიან.
„ჩვენ უკვე გვაქვს ორმხრივი შეთანხმებები რიგ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ადგილზე რეფორმების განხორციელების უზრუნველყოფის გარდა, მინდა, ვიმუშაო სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
სიტყვით მიმართვისას ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის გაფართოებასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობაზეც“ ისაუბრა. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ სერბეთსა და კოსოვოს შორის შეთანხმება წლის ბოლომდე იქნება მიღწეული და რომ ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების დაწყებას გაზაფხულიდან შეძლებენ.
ევროკომისრობის კანდიდატმა ასევე გააფრთხილა მოლდოვა დაფინანსების შემცირებაზე, ქვეყანაში ბოლოდროინდელი მოვლენების გამო.
მოსმენის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. ახლა ოლივერ ვარჰეიმ 18 ნოემბრამდე წერილობით კითხვებს უნდა გასცეს პასუხი.