ევროკომისრობის კანდიდატი მარტა კოსი - არასდროს ვყოფილვარ იუგოსლავიის საიდუმლო სამსახურის კოლაბორაციონისტი ან ინფორმატორი, არ ვიცი, ამ სიაში როგორ მოვხვდი
გაფართოების საკითხებში ევროკომისრად წარდგენილი სლოვენიელი მარტა კოსი უარყოფს, რომ იუგოსლავიის საიდუმლო სამსახურთან თანამშრომლობდა.
ამის შესახებ განცხადება მარტა კოსმა ევროპარლამენტარების კითხვებზე საპასუხოდ გააკეთა.
„მე იმდენი ახალი რამ წავიკითხე ჩემი წარსულის შესახებ, რაც არ ვიცოდი. ამას სერიოზულად ვუდგები, მიუხედავად იმისა, რომ დამწუხრებული ვიყავი ამდენი ტყუილის გამო. მე არასდროს ვყოფილვარ იუგოსლავიის საიდუმლო სამსახურის კოლაბორაციონისტი ან ინფორმატორი. ამ სიაში ვარ, არ ვიცი, როგორ მოვხვდი ამ სიაში, მაგრამ ამ სიაში ასევე არის სლოვენიის სამი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სამი ყოფილი პრეზიდენტი, სამი ყოფილი ევროდეპუტატი და ასევე ათასობით ადამიანი“, – განაცხადა მარტა კოსმა.
ცნობისთვის, მარტა კოსის გაფართოების საკითხებში ევროკომისრად წარდგენას სკანდალი ახლდა. სლოვენიის ოპოზიციას არ სურდა კოსის ამ თანამდებობაზე დანიშვნა. ოპოზიციონერები მას ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო სამსახურთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს.
მარტა კოსი ევროკომისრის თანამდებობაზე მას შემდეგ წარადგინეს, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა სთხოვა წევრ ქვეყნებს, შეეცვალათ უკვე დასახელებული კანდიდატი, რათა ახალ კომისიაში ქალების რაოდენობა გაზრდილიყო. სლოვენიაში ბევრმა ეს თხოვნა ევროკავშირის წევრი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებაში ჩარევად მიიჩნია.
თავად კოსი ყველა ბრალდებას უარყოფს. მარტა კოსი წარსულში შვეიცარიასა და გერმანიაში სლოვენიის ელჩად მუშაობდა. ასევე იყო სლოვენიის მთავრობის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.