ევროკომისიის წარმომადგენელი - ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა სფეროში
ევროკომისიის წარმომადგენელი - ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა სფეროში

გვჯერა, რომ მმართველობის რეფორმები აუცილებელია, არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად, – ამის შესახებ ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლორენს მერედიტმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, მისი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება.

„პროექტებიდან პირველი ეხება შავ ზღვას, სადაც განვიხილავთ კავშირების განვითარებას. რაც შეეხება ციფრულ წიგნიერებას, ჩვენ დავეხმარებით 1 000 სასოფლო თემს, მიიღოს წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო მოჰყვება გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპს და ამას აკეთებს ინკლუზიურად, მოქალაქეებს ორიენტირებული გზით. კიდევ ერთი პროექტი კი მცირე და საშუალო საწარმოებისა და ინოვაციურ განვითარებას ემსახურება, რის ფარგლებშიც, 80 000 მცირე და საშუალო საწარმოს დავეხმარებით, რათა მათ გამოიყენონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალი. კიდევ ერთი პროექტი კი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის ორ საყრდენს ემყარება. ეს არის ინვესტიცია და მმართველობა. ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა სფეროში. ეს არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ჩვენ გვჯერა, რომ მმართველობის რეფორმები აუცილებელია, არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და საბოლოო ჯამში საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსატანად. ჩვენ ვხედავთ, რომ არ არის თანასწორი განვითარება დიდ ქალაქებსა და რეგიონებს შორის, ხანდახან ეს არის ხუთჯერ და ათჯერ განსხვავებული, ამიტომ ჩვენ წავალთ იმერეთის გავლით აჭარაში, ვეწვევით ევროკავშირის ბენეფიციარებს, რათა განვიხილოთ სხვადასხვა პროექტი. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, საქართველო და ევროკავშირი ერთად უფრო ძლიერები არიან“, – განაცხადა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლორენს მერედიტმა.