ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - რუსეთი ევროპაში განხეთქილებისა და უნდობლობის დათესვას ცდილობს
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა აცხადებს, რომ რუსეთი ევროპაში განეთქილებისა და უნდობლობის დათესვას ცდილობს.
ამის შესახებ ევროპელმა მაღალჩინოსანმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ახლა უკვე საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, რათა ყველამ გააცნობიეროს, რომ რუსეთი არ არის სტანდარტული საერთაშორისო პარტნიორი“, – განაცხადა იუროვამ.
მან რუსეთის მიუღებელი ქცევის მაგალითებად დაასახელა 2014 წელს უკრაინაში მალაიზიური ავიალაინერის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ნიდერლანდების მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, ასევე, დიდ ბრიტანეთში ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის მცდელობა 2018 წელს; გარდა ამისა, ვრბეტიცეს საქმე, რომელიც 2014 წელს ჩეხეთში საბრძოლო მასალის საწყობში მომხდარ აფეთქებას ეხება და რომელშიც პრაღა რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშუალებს.
„ჩვენ მოვიქცეთ თანმიმდევრულად და მტკიცედ. მე არ მგონია, რომ კრემლი დიპლომატიურ ენას გაიგებს, ვიდრე ის მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგების წინაშე არ დადგება“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დღეს რუსეთში ყველაფერი დაკავშირებულია რეჟიმთან და ეს არ ეხება მხოლოდ ეკონომიკურ პროექტებს.
„რუსეთთან დაკავშირებით, ყველაფერი პოლიტიკაა და ევროკავშირის განცხადებებს უნდა მოსდევდეს კონკრეტული ქმედებები, თუ გვსურს შედეგის მიღება“, – განაცხადა ვერა იუროვამ.
შეგახსენებთ, რომ ვერა იუროვა ერთ-ერთია იმ ევროპელი მაღალჩინოსნებიდან, რომლებსაც რუსეთმა გასულ კვირას სანქციები დაუწესა.