ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ევროკავშირი მზად არის, უკრაინაზე იერიშის შემთხვევაში რუსეთს სანქციების მეორე პაკეტიც დაუწესოს
ევროკავშირი მზად არის, რუსეთს სანქციების მეორე პაკეტიც დაუწესოს, თუ მისი შეიარაღებული ძალები იერიშს მიიტანენ უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომელიც თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის კონტროლს მიღმაა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსს“ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განუცხადა.
„თუ გაგრძელდება აგრესია და უკრაინის ტერიტორიაზე შემდგომი შეჭრა, ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი პასუხი, მათ შორის სანქციების ნაწილში. ეს შესაძლოა, იყოს ეკონომიკური სანქციები ვაჭრობის სფეროში, მაგალითად, საექსპორტო შეზღუდვები“, – აღნიშნავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.
უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერები საგანგებო შეხვედრას მართავენ, სადაც როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სახელით დაგზავნილ მოსაწვევშია აღნიშნული, შეხვედრაზე იმსჯელებენ, „როგორ შეიძლება, დაიცვას ევროკავშირმა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, როგორ იმოქმედონ რუსეთთან მიმართებაში და აიძულონ ის, პასუხი აგოს ქმედებებზე, ასევე თუ როგორ დაუჭირონ მხარი უკრაინასა და უკრაინელს ხალხს.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დღეს დააწესა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ევროკავშირი მზად არის, სასწრაფოდ მიიღოს უფრო ფართო პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები საჭიროების შემთხვევაში და იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისი სამართლებრივი აქტები, მათ შორის პირების ვინაობა, მალე გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში“.