ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე ომი არ დასრულდება და რუსი ჯარისკაცები უკრაინიდან არ გავლენ
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე ომი არ დასრულდება და რუსი ჯარისკაცები უკრაინიდან არ გავლენ. ამის შესახებ ფრანს ტიმერმანსმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი, ვიდრე ამ ქვეყანაში რუსი ჯარისკაცები არიან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
„არა, ეს შეუძლებელია, მაგრამ მთელი იდეა ისაა, რომ უკრაინა ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული, სუვერენული, დამოუკიდებელი, თავისუფალი გამოვიდეს და თავად გააკეთოს ეს არჩევანი. ვფიქრობ, უკრაინა ამისთვის იბრძვის. ევროკავშირმა უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში უნდა დაუჭიროს მხარი.”
უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების დროს ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ევროკავშირში შესასვლელად აუცილებელია 1993 წელს მიღებული კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილება; მათ შორის არის – სტაბილური სახელმწიფო ინსტიტუტები, მოქმედი საბაზრო ეკონომიკა და შესაძლებლობა, ეფექტურად შეასრულოს ევროკავშირის წევრის ვალდებულებები. გარდა ამისა, ევროკომისიამ შეიმუშავა შვიდი პირობა, რომელიც კიევმა უნდა შეასრულოს; მათ შორის საუბარია სასამართლო რეფორმებზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, დეოლიგარქიზაციასა და ეთნიკური უმცირესობებისადმი მიდგომაზე.
„დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინის ევროკავშირში პოტენციური შესვლა თავისი გავლენით 2004 წელს ევროკავშირის ყველაზე დიდ გაფართოებას შეადარა.
„ეს ნამდვილად შეცვლის ევროკავშირს. იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ცარიელი სიტყვები არ არის, ჩვენ პირდაპირ ეთერში უნდა ვაჩვენოთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინის ევროკავშირთან დასაახლოვლებლად“, – განაცხადა ტიმერმანსმა.
მისივე თქმით, აუცილებელია, ევროკავშირმა რაც შეიძლება მალე დაიწყოს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესი, რა დროსაც ბრიუსელი კიევს რეფორმების გატარების პროცესში და ახალი კანონების ამოქმედებაში დაეხმარება.