ევროკომისიის შეფასების მიხედვით, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში, შიდა ბაზრის, ასევე კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის სექტორებში საქართველო ტრიოს ლიდერია
ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების ანალიზის თანახმად, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, საქართველო ყველაზე მთავარ, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში წინ უსწრებს უკრაინას და მოლდოვას. შესაბამისი ცხრილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, ცხრილის მიხედვით, მართლმსაჯულების, თავისუფლების და უსაფრთხოების, საჯარო შესყიდვების, სტატისტიკის და ფინანსური კონტროლის სფეროებში – საქართველო პირველ ადგილზეა 8 ქულით, მეორე ადგილზეა უკრაინა – 7 ქულით, ხოლო მესამე ადგილზე მოლდოვა – 6 ქულით.
ამასთან, ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების ანალიზით, შიდა ბაზრის სექტორში საქართველო ტრიოს ქვეყნებში ლიდერობს ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილში. ანალიზის თანახმად, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, საქართველო პირველ ადგილზეა 18 ქულით, უკრაინა მეორე ადგილზე – 17 ქულით, ხოლო მოლდოვა მესამეზე – 15 ქულით. შიდა ბაზარი, მოიცავს საქონლის თავისუფალ გადაადგილებას, მუშახელის თავისუფალ გადაადგილებას, დაფუძნების უფლებას და სერვისების მიწოდების თავისუფლებას, კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას, მეწარმეობის შესახებ კანონმდებლობას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ კანონმდებლობას, კონკურენციის პოლიტიკას, ფინანსურ სერვისებს, მომხმარებლების და ჯანმრთელობის დაცვას.
ცხრილის მიხედვით, საქართველო ტრიოს ქვეყნებს შორის კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის სექტორში ლიდერობს. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ მომზადებული ანალიზით, საქართველო პირველ ადგილზეა 21 ქულით, უკრაინა მეორეზე – 20 ქულით, ხოლო მოლდოვა მესამეზე – 15 ქულით. კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის სექტორი მოიცავს ინფორმაციულ საზოგადოებას და მედიას, გადასახადებს, ეკონომიკურ და მონეტარულ პოლიტიკას, სოციალურ პოლიტიკას და დასაქმებას, საწარმოების და ინდუსტრიულ პოლიტიკას, მეცნიერებას და კვლევას, განათლებას და კულტურას, საბაჟო კავშირს.