ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დააანონსა
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დააანონსა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, აღნიშნულ პაკეტში სასანქციო სიას რუსეთის 200-მდე მოქალაქე და კომპანია დაემატება.
მისი განცხადებით, ეს ის კომპანიები იქნებიან, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან, სამხედროებთან, სახელმწიფო დუმისა და ხელისუფლების წევრებთან.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, შავ სიაში მოხვდება კიდევ სამი რუსული ბანკი, ექსპორტზე შეზღუდვები დაუწესდება რუსულ პროდუქციას, განსაკუთრებით კი, ორმაგი დანიშნულების პროდუქტებსა და ელექტრონიკას, ასევე შეიზღუდება ოთხი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვაიძულებთ რუსეთს, თავისი სისასტიკისთვის ზღოს. არსებული სასანქციო რვა პაკეტი მას უკვე მნიშვნელოვან ზიანს აყენებს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერში“.