ევროკომისიის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინს თუ ეგონა, რომ შეძლებდა ევროკავშირის გაყოფასა და ნატო-ს დასუსტებას, მან მიაღწია სავსებით საწინააღმდეგოს, ჩვენ შევეწინააღმდეგებით ომს და დავრჩებით ერთიანი
ევროკომისიის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინს თუ ეგონა, რომ შეძლებდა ევროკავშირის გაყოფასა და ნატო-ს დასუსტებას, მან მიაღწია სავსებით საწინააღმდეგოს, ჩვენ შევეწინააღმდეგებით ომს და დავრჩებით ერთიანი

ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის, ეს არის ორი სამყაროს შეჯახება, ორი სხვადასხვა ღირებულებების ბრძოლა, ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, კანონებზე დამყარებულ წესრიგსა და აგრესიას შორის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ომი დაბრუნდა ევროპის ტერიტორიაზე. ბალკანეთის ომიდან 30 წლის შემდეგ და პრაღასა და ბუდაპეშტში საბჭოთა ჯარების შესვლიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, სამოქალაქო დაცვის განგაშის ხმა ისევ ჩაირთო ევროპის დედაქალაქის შუაგულში. ათასობით ადამიანი გაურბის ბომბებს, ტირის და ცდილობს, გაამხნევონ ერთმანეთი. მანქანები ჩამწკრივებულია უკრაინის დასავლეთ საზღვარზე. ისინი ცდილობენ ევროკავშირში შემოსვლას, რადგან მათი ქვეყანა უსაფრთხო აღარ არის. ბავშვები, ქალები და მამაკაცები იღუპებიან, რადგან ერთმა უცხოელმა ლიდერმა, პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა, რომ მათ ქვეყანას არსებობის უფლება არ აქვს. ჩვენ ამას აღარასოდეს დავუშვებთ და აღარასოდეს მივიღებთ. ეს ევროპისთვის ჭეშმარიტების დროა. ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის, ეს არის ორი სამყაროს შეჯახება, ორი სხვადასხვა ღირებულებების ბრძოლა. ეს არის ბრძოლა კანონის უზენაესობასა და იარაღის უზენაესობას შორის, დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, კანონებზე დამყარებულ წესრიგსა და აგრესიას შორის“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, უკრაინის ბედი სასწორზე დევს, მაგრამ ევროპის ბედიც საშიშროების წინაშეა.

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ძალა, რომელიც დევს ჩვენს დემოკრატიაში, უნდა ვაჩვენოთ ხალხის ძალა, რომლებიც დამოუკიდებლად ირჩევენ საკუთარ გზას. დღეს დაახლოებით ნახევარმილიარდიანი ევროკავშირი მობილიზებულია უკრაინისთვის. ხალხი პროტესტს გამოთქვამს, მთელი ევროპის მასშტაბით, რუსეთის საელჩოებთან, ზოგიერთმა საკუთარი სახლის კარი გაუღო უკრაინელებს, რომლებიც პუტინის ბომბებს გაურბიან. მინდა, მათ ვუთხრა, ევროპა მათთან იქნება არა მარტო ამ დღეებში, არამედ კვირებისა და თვეების განმავლობაში. ჩვენ ამას ვპირდებით. ჩვენ ვმოქმედებთ დროებით დაცვის მექანიზმს, რომლითაც მათ უზრუნველვყოფთ სკოლებით, ჯანდაცვის დაწესებულებებით და სამსახურებით. ეს მხოლოდ დასაწყისია. ევროკავშირი ერთიანია და მე ეს მახარებს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მნიშვნელოვნად დააზიანებს ქვეყნის ეკონომიკას და კრემლს.

„სინათლის სიჩქარის სისწრაფით ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსეთის ფინანსურ სისტემაზე, მაღალტექნოლოგიურ მრეწველობასა და კორუმპირებულ ელიტაზე. ეს არის ევროკავშირის ისტორიაში სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი. ეს სანქციები მნიშვნელოვნად დააზარალებს რუსეთის ეკონომიკას და კრემლს“, – აღნიშნა მან.

ამასთან, მისივე განცხადებით, ვლადიმერ პუტინს თუ ეგონა, რომ შეძლებდა ევროკავშირის გაყოფას და ნატო-ს დასუსტებას, მან მიაღწია სავსებით საწინააღმდეგოს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „ჩვენ ვართ ისე ერთიანი, როგორც არასდროს და ჩვენ შევეწინააღმდეგებით ომს და დავრჩებით ერთიანი“.

„ვიცი, რომ ეს სანქციები ჩვენს ეკონომიკასაც დააზარალებს, მაგრამ მინდა, გულწრფელად გითხრათ და მჯერა, ევროპელ ხალხს ესმის, რომ ამ საშინელი აგრესიის წინააღმდეგ უნდა დავდგეთ, დიახ, ჩვენს თავისუფლებას საფასურის გადახდა უწევს, მაგრამ ეს გადამწყვეტი მომენტია, ეს არის საფასური, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ, რადგან, თავისუფლება შეუფასებელია.

დღეს ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევა ხვალ უფრო დამოუკიდებელს გაგვხდის. პირველ რიგში, მე ვფიქრობ ენერგოდამოუკიდებლობაზე. ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთ მომწოდებელზე დამოკიდებული, რომელიც გვემუქრება. ამიტომ, ჩვენ დავუკავშირდით სხვა მომწოდებლებს და მათ გვიპასუხეს. ასევე ჩვენ უნდა ვიფიქროთ მწვანე და განახლებად ენერგიაზე, რაც შეამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას რუსეთზე. ეს სტრატეგიული ინვესტიციაა. რუსეთის გაზსა და სხვა ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება ნიშნავს კრემლის ომის სკივრის შემცირებას. ეს კრიზისი შეცვლის ევროპას, მაგრამ ასევე გარდამტეხია რუსეთისთვისაც“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, კრემლის ქმედებები მნიშვნელოვნად აზარალებს რუსი ხალხის ინტერესებს, უფრო მეტი რუსი ეწინააღმდეგება, კრემლი კი, მათ დაპატიმრებებით პასუხობს.

„მშვიდობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა ვერ იქნება ჩახშობილი. არის სხვა რუსეთი, პუტინის ტანკების გარეშე და ჩვენ ჩვენი მეგობრობის ხელი ამ სხვა რუსეთს უნდა გავუწოდოთ. მათ აქვთ ჩვენი მხარდაჭერა. ამ დღეებში დამოუკიდებელ უკრაინას ბნელი დრო უდგას. ამავე დროს, უკრაინელი ხალხი დგას ყველა ჩვენგანისთვის, ისინი წარმოუდგენელ მამაცობას იჩენენ, იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისთვის და ამავდროულად, იცავენ უნივერსალურ ღირებულებებს. როდესაც მე პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე, მან გამიმხილა საკუთარი ხალხის წადილი, გახდნენ ევროკავშირის წევრები და დღეს ევროკავშირი და უკრაინა არიან ისე ახლოს, როგორც არასდროს. ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ეს ომი უნდა დავასრულოთ და უნდა ვისაუბროთ შემდგომ ნაბიჯებზე. დარწმუნებული ვარ, არავის შეაქვს ეჭვი იმაში, რომ ხალხი, რომელიც ასე გმირულად იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის, ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.