ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოუწოდებს ევროკავშირს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციები ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით დააწესოს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოუწოდებს ევროკავშირს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციები ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით დააწესოს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირს მისცემდა საშუალებას, ბევრ საკითხზე უფრო სწრაფად იმოქმედოს, ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის ერთიანი პოზიციის უზრუნველყოფის პროცესის გარეშე.
„რატომ ხდება ევროკავშირის ღირებულებებზე მარტივი განცხადებების გადადება, შერბილება ან შეკავება სხვა მოტივებით? როდესაც წევრი ქვეყნები ამბობენ, რომ ევროპა ზედმეტად ნელია, მე ვამბობ, იყავით თამამები და საბოლოოდ გადადით კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით ხმის მიცემაზე სულ მცირე ადამიანის უფლებებისა და სანქციების იმპლემენტაციის საკითხზე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისია წარადგენს ევროპული „მაგნიტსკის აქტის“ დაწესების შესახებ ინიციატივას.
„მაგნიტსკის აქტი“ 2012 წლიდან მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის 2009 წელს მოსკოვის ციხეში გარდაცვლილი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის სახელს ატარებს და ადამიანის უფლებების დამრღვევი პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.