ევროკომისიის პრეზიდენტი - გილოცავთ ევროპის დღეს, სოლიდარობა ისევ გვჭირდება, რათა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე, ავაშენოთ მწვანე და ციფრული მომავალი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ევროპული სოლიდარობის 70 წელს, რაც დაგვეხმარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონტინენტის აღდგენასა და ხელახლა გაერთიანებაში და მოგვიტანა კეთილდღეობა. ეს სოლიდარობა ისევ გვჭირდება, რათა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და ავაშენოთ მწვანე და ციფრული მომავალი“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, მსოფლიო სოლიდარობა გამოცდის წინაშე დადგა კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში, მსოფლიომ დაიწყო ერთმანეთის დახმარება.
„70 წლის 10-წუთიანმა მიმართვამ კონტინენტის ბედი შეცვალა. საფრანგეთმა, რობერტ შუმანის ხმით, მიმართა გერმანიას და მთელ ევროპას. შუმანი გამოვიდა სოლიდარობის ჟესტით. მას შემდეგ დიდი გზა გამოვიარეთ. ჩვენი პოლიტიკა მოიცავს მრავალ სფეროს, ენერგეტიკას და განათლებას. სოფლის მეურნეობასა და კულტურას, საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ასეთ დიდი პროგრესს მივაღწიეთ და სოლიდარობის მიზანი კვლავ ძალაშია. მეტსაც ვიტყოდი, დღეს ეს მიზანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენი სოლიდარობა გამოცდის წინაშე დადგა კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში. ჩვენ დავიწყეთ ერთმანეთის დახმარება. ჩვენ ვნახეთ პოლონელი და რუმინელი ექიმები, რომლებიც იტალიელი პაციენტების სიცოცხლისთვის იბრძოდნენ. ჩვენ ვნახეთ საავადმყოფოები ჩეხეთში, სადაც ფრანგ პაციენტებს მკურნალობდნენ. ვნახეთ იტალიელი პაციენტები, რომლებიც გერმანიაში გადაიყვანეს. ლუქსემბურგი აწვდიდა სამედიცინო საშუალებებს ესპანეთს. ეს სოლიდარობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ამ ვირუსის დამარცხება შეგვიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთზე პასუხისმგებლობას ავიღებთ. თუ ვიმუშავებთ ერთად ვაქცინის საპოვნელად. თუ გავაერთიანებთ ძალისხმევას, რომ ჩვენი ეკონომიკა აღდგეს. თუ ჩვენ დავიცავთ პლანეტას ევროპული მწვანე შეთანხმებით. ეს სოლიდარობა მოითხოვს ყველას ძალისხმევას და კომპრომისს. მაგრამ ჩვენ ეს მოვალეობა გვაკისრია მოქალაქეებისა და მომავალი თაობის წინაშე. რობერტ შუმანი ნამდვილად მართალი იყო. გილოცავთ ევროპის დღეს“, – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი ვიდეომიმართვაში.