ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლონეთის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირის საფუძვლებს და რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, პოლონეთის მიერ ევროკავშირის კანონის უზენაესობის გამოწვევა ეჭვქვეშ აყენებს ბლოკის საფუძვლებს და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
მისი განცხადებით, ევროკომისია ყურადღებით აფასებს პოლონეთის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირის საფუძვლებს, რაც არის პირდაპირი გამოწვევა ევროპული სამართლებრივი წესრიგის ერთიანობისთვის.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს საპასუხოდ ევროკომისია სამ ვარიანტს განიხილავს. პირველი ვარიანტის მიხედვით, ევროკომისია იურიდიულად უნდა დაუპირისპირდეს პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც ჯარიმების დაწესებას გამოიწვევს. მეორე ვარიანტი არის ფინანსური ინსტრუმენტები, რომლის მიხედვით ევროკავშირი შეაჩერებს პოლონეთისთვის განკუთვნილ სახსრების გამოყოფას. ხოლო მესამე ვარიანტია ევროკავშირის ხელშეკრულებების მე-7 პუნქტის ამოქმედება, რომლის მიხედვით ბლოკის ძირითადი ღირებულებების დარღვევისთვის, წევრ სახელმწიფოს შეუჩერდება ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ხმის მიცემის უფლება.
გასულ კვირას, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია რიგ შემთხვევებში ევროკავშირის კანონზე უზენაესია.
პოლონეთის მმართველ „ნაციონალისტური კანონისა და სამართლიანობის პარტიაში“ აცხადებენ, რომ ბრიტანეთისგან განსხვავებით, არ იგეგმება პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლა, რადგან ქვეყნის მოსახლეობაში ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერა საკმაოდ მაღალია.