ევროკომისიის დოკუმენტი - ევროკავშირი გააგრძელებს საუბარს რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინაში საერთაშორისო კანონმდებლობის სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის ინიციატივების გზით
ევროკომისიამ რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი უნდა იყოს უფრო მდგრადი რუსეთის მცდელობების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს, შეარყიოს ევროკავშირი, ამავე დროს, ევროკავშირმა უფრო სისტემური და ერთიანი პასუხი უნდა გასცეს რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს.
როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, კომისიის შეთავაზების სახელწოდებაა „უკუაგდე, შეაკავე და ითანამშრომლე“.
მისივე თქმით, რუსეთის მთავრობის მიერ გაცნობიერებულად არჩეულმა პოლიტიკამ, ბოლო წლებში ურთიერთობებში ნეგატიური ხაზი შექმნა. ბორელის განცხადებით, ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და ბრიუსელი უნდა მოემზადოს ამ ურთიერთობების გაუარესებისთვის.
14-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობებს ეხება, ხაზგასმულია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების მართვა ბრიუსელის „მთავარი სტრატეგიული გამოწვევაა, რადგან მოსკოვის მცდელობებია, ჩაერიოს ევროკავშირის შიდა საქმეებში და მოახდინოს ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა და მეზობლების დესტაბილიზაცია“.
სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უფრო სისტემურად უნდა უპასუხოს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს და დაიცვას დემოკრატიული ფასეულობები. ამ კონტექსტში დოკუმენტში ნახსენებია საქართველოც.
„რუსეთი პირდაპირ სამხედრო ძალას და ჰიბრიდულ ქმედებებს მიმართვას მოუგვარებელ კონფლიქტებში, რომელსაც თავადვე აღვივევბს უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, ისევე როგორც ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოში, კერძოდ სირიასა და ლიბიაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.
სტრატეგიულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მტკიცედ ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას, შექმნას პრივილეგირებული გავლენის სფეროები. ევროკავშირი აცხადებს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორებს აქვთ სრული, სუვერენული უფლება, თავად განსაზღვრონ მათი ურთიერთობების დონე ევროკავშირთან, სხვა საერთაშორისო მოთამაშეებთან და ეს თავისუფლად გააკეთონ“.
„თუმცა რუსეთი კვლავ აგრძელებს კონფრონტაციულ პოლიტიკას, იყენებს რბილ და ხისტ ძალას ზეწოლის მოსახდენად. შესაბამისად, ევროკავშირის პოლიტიკა კვლავ მიმართულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების მდგრადობის გაძლიერებისკენ, ორმხრივი შეთანხმებებით (მათ შორის ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება), მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით, რაც ფოკუსირებულია საჭირო რეფორმებზე ეკონომიკაში, მმართველობაში, კანონის უზენაესობაში, მწვანე და ციფრულ ტრანსფორმაციაში და ინკლუზიური საზოგადოების შექმნაზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, „ევროკავშირი ასევე აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის მთავრობის მცდელობებისადმი, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მედიატორად და არა მხარედ ტერიტორიულ კონფლიქტებში უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში“.
„ევროკავშირი მისდევს არაღიარების პოლიტიკას ყირიმის ნახევარკუნძულის არალეგალური ანექსიისა და რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მიმართ“, – ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავაც შეეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს და ხმას აიმაღლებს დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.
„ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს საუბარს რუსეთის მხრიდან უკრაინასა და საქართველოში საერთაშორისო კანონმდებლობის სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის თანამოაზრე პარტნიორებთან ინიციატივების გზით. ეს მოიცავს მოწოდებას რუსეთისადმი, აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც კონფლიქტის მხარემ და შეასრულოს მინსკის შეთანხმება. ევროკავშირი ყველა დონეზე აქტიურად გაუწევს წინააღმდეგობას რუსეთის ყალბ ნარატივს, რომელიც მიმართულია მოსკოვის ქმედებების გამართლებისკენ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ივნისის ბოლოს ევროკავშირის ლიდერების მორიგ სამიტზე განიხილავენ.