ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, „კოვიდ-19“-ის ვაქცინების გამოჩენის შემდეგ, ევროკავშირის ეკონომიკა იმაზე სწრაფად შეძლებს აღდგენას, ვიდრე პროგნოზირებული იყო
ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, „კოვიდ-19“-ის ვაქცინების გამოჩენის შემდეგ, ევროკავშირის ეკონომიკა იმაზე სწრაფად შეძლებს აღდგენას, ვიდრე პროგნოზირებული იყო

ექსპერტების ვარაუდით, „კოვიდ-19“-ის სააწინააღმდეგო ვაქცინების გამოჩენის შემდეგ, ევროკავშირის ეკონომიკა იმაზე სწრაფი ტემპით შეძლებს აღდგენას, ვიდრე პროგნოზირებული იყო, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ევროკომისიის პროგნოზით, ზოგი სახელმწიფო ზარალის ანაზღაურებას უკვე 2021 წელს შეძლებს, თუმცა ქვეყნების ნაწილი ამას 2022 წლამდე ვერ მოახერხებს.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, 2021 და 2022 წელს ევროზონის წევრი სახელმწიფოების ეკონომიკა 3,8 პროცენტით გაიზრდება. 2020 წელს ეკონომიკა 6,8 პროცენტით შემცირდა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, წელს ეკონომიკის სრულად აღდგენას შეძლებს ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და პოლონეთი. ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას პროგნოზირებენ ფინეთსა და შვედეთშიც.

ამავე დროს, ანგარიშის თანახმად, პანდემიის შედეგად ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურებას 2021 წელს ვერ შეძლებს გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია და სხვა სახელმწიფოები.

ევროკომისიის პროგნოზით, ეკონომიკის აღდგენის პროცესი ყველაზე დიდ ხანს გაგრძელდება სამხრეთით მდებარე ქვეყნებში – ესპანეთში, საბერძნეთსა და იტალიაში, სადაც ეკონომიკა 2020 წელს საშუალოდ 10 პროცენტით შემცირდა.

ანგარიშის თანახმად, ირლანდია ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაც 2020 წელს სამი პროცენტით გაიზარდა. ეს დიდწილად მულტინაციონალური კომპანიების ექსპორტის დამსახურებაა.

პროგნოზების მიხედვით, ევროზონაში ინფლაცია 2020 წელს დაფიქსირებული 0,3 პროცენტიდან წელს 1,4 პროცენტამდე მოიმატებს, ხოლო 2022-ში 1,3 პროცენტი იქნება.

როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, 2022 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი, პანდემიამდე პროგნოზირებად მაჩვენებლებზე ოთხი პროცენტით ნაკლები იქნება.