ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ევროკავშირის სამიტზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა იქნება
ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი აცხადებს, რომ აშშ-ევროკავშირის სამიტზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი აღმოსავლეთ პარტნიორების – უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა იქნება.
ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სესიაზე „დიდი შვიდეულისა“ და აშშ-ევროკავშირის სამიტებისთვის მომზადების საკითხი განიხილებოდა.
ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ-სთან განხილული იქნება კრიტიკული გეოპოლიტიკური გამოწვევები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების მხარდაჭერა, დასავლეთ ბალკანეთში ერთობლივი ჩართულობის გაძლიერება, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში სტაბილურობის უზრუნველყოფა.