ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა დღეს გაიმართება
ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა დღეს გაიმართება. ამ ფორმატში ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს, რომელთა შორის არიან „გირჩი“, „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“ და პარტია „საქართველოსთვის“.
როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა, მმართველი გუნდი სასამართლო რეფორმის პროცესში წინასწარ გამზადებული რეცეპტით არ შედის და მსჯელობა უნდა გაიმართოს იმის თაობაზე, რისი გაკეთებაა აუცილებელი.
„ზუსტად ამ მიზანს ემსახურებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული უზარმაზარი დოკუმენტი, რომელიც თავისი შინაარსით ასახავს რეალურად არსებულ მდგომარეობას. კერძოდ, სამართლებრივი კუთხით სად ვართ და რა საჭირო ცვლილებების გატარებაა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ინკლუზიური იყოს, რათა ყველას პოზიცია იყოს წარმოდგენილი და გაანალიზებული. ჩვენი მაქსიმალურად ღია ვართ, რათა პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს. ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობაა სწორედ სწორი მიდგომა. პროცესს ვნებს, როცა ოპოზიციის მხრიდან წინასწარ ჩამოყალიბებული დესტრუქციული განწყობაა, რომელიც მიზნად ისახავს პროცესის დისკრედიტაციას და შედეგების მიმართ წინასწარ საფუძვლის შემზადებას, რომ კრიტიკის შესაძლებლობები მაღალი იყოს, რაც არ არის კეთილსინდისიერი“, – განაცხადა სარჯველაძემ.