ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო პალესტინელების დახმარებას აჩერებენ
ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო პალესტინელების დახმარებას აჩერებენ

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო პალესტინელების დახმარებას აჩერებენ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, საუბარია 691 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებაზე.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის თქმით, ტერორის მასშტაბები და სისასტიკე, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ განხორციელდა, გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს.

„როგორც პალესტინელების უმსხვილესი დონორი, ევროკომისია გადახედავს განვითარების პროექტების მთელ პორტფელს, რომელიც შეადგენს 691 მილიონ ევროს“, – განაცხადა ვარჰეიმ.

ევროკომისიაში ასევე თქვეს, რომ დაუყოვნებლივ წყვეტენ გადახდებს არსებული პროექტების ფარგლებშიც.

„მშვიდობის, ტოლერანტობის და თანაცხოვრების საფუძვლები მოითხოვს დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებებს. ზიზღის, ძალადობის და ტერორის განდიდების წაქეზებამ მოწამლა ძალიან ბევრი ადამიანის გონება. ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ვარჰეიმ.

მანამდე, ორმხრივი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს გერმანიასა და ავსტრიაში.