ევროკომისიაში აცხადებენ, რომ პოლონეთი და უნგრეთი უკრაინული ხორბლის ექსპორტის საკითხზე გამართულ ბოლო მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდნენ
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ პოლონეთი და უნგრეთი უკრაინული ხორბლის ექსპორტის საკითხებზე გამართულ ბოლო მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ევროკომისიის წარმომადგენელმა, ოლოფ გილმა ბრიფინგზე მიაწოდა.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრის დროს განიხილეს კიევის გეგმა, რაც ოთხი სახის აგროპროდუქტის ლიცენზირებას და შემოწმებას მოიცავს.
„შეხვედრა ფოკუსირებული იყო უკრაინის სამოქმედო გეგმაზე, გარკვეული პროდუქციის კონტროლის ზომებსა და ევროკავშირის ხუთი ქვეყნის ბაზრებზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენის პრევენციაზე“, – განაცხადეს ევროკომისიაში.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კიევის მიერ შეთავაზებულ გეგმაში კორექტივები შევა. ევროკომისიაში იმედი აქვთ, რომ გეგმა რაც შეიძლება მალე ამოქმედდება.
„პოლონეთისა და უნგრეთის წარმომადგენლები ამ შეხვედრაზე არ ყოფილან, მაგრამ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ მოლაპარაკებებში მათი მონაწილეობა სავალდებულო არ ყოფილა, რადგან სამუშაო ჯგუფის წევრები ხშირად იკრიბებიან“, – განაცხადეს ევროკომისიაში.
ცნობისთვის, უკრაინამ შესთავაზა ევროკომისიას გეგმა, რომელიც ოთხი აგროპროდუქტის ექსპორტზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა განაცხადეს, რომ ცალმხრივად შეზღუდავენ უკრაინული პროდუქციის იმპორტს.